სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ
სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ
31.10.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

დღეს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.


სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტული ორგანიზაციის 21 წარმომადგენელს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.


2023 წლის სპორტის მენეჯმენტის რიგით მე-9 კურსები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და მოხალისეების კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.


მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამით გათვალისწინებულ 6 თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება.


სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.


ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტრადიციულად მომავალშიც აქტიურად განახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.