ლიეტუვაში ჩატარებული საინტერესო და დამაიმედებელი თამაშის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მიხეილ მესხზე მშრალი ანგარიშით, 0-3 წააგო.
„გულდაწყვეტილები ვართ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. დავისაჯეთ და გოლები საკუთარ კარში მივიღეთ. ფეხბურთში ასე ხდება. სამწუხაროდ, მოთამაშეებისთვის საუკეთესო დღე არ იყო. დღევანდელი მატჩის შედეგი არ ასახავს რეალურ სხვაობას საქართველოსა და ლიეტუვას ნაკრებებს შორის. მეორე გოლის გაშვებამდე ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ამ გოლმა ბევრი რამ შეცვალა და თამაში მეტოქის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. დეკემბერში ლუქსემბურგთან მატჩი გველის. ფეხბურთელებმა ამ შეკრებაზე 12 დღის განმავლობაში ბევრი იშრომეს და სურდათ წარმატების მიღწევა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ლიეტუვას ნაკრებმა ანგარიში 21-ე წუთზე, მონიკა გრიკსაიტეს გოლით გახსნა. გოლამდე ქართველო გოგონები ოდნავ უფრო აქტიურობდნენ, თუმცა, დარტყმამდე საქმე არ მისულა. გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 24-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა, ნათია დანელიას დარტყმა სტუმართა მეკარემ მოიგერია. სხვათა შორის ამ შეხვედრაში, სტუმართაგან, სწორედ, მეკარეს გამოვარჩევდით. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მან ჯერ ჩემინავას, შემდეგ კი, ჭყონიასა და ქადაგიშვილის დარტყმები მოიგერია.
„მოვლენების სხვაგვარ განვითარებას ველოდით, თუმცა, სამწუხაროდ დავმარცხდით. წინ კიდევ ორი მატჩი გველის. ვფიქრობთ, მოვახერხებთ კონცენტრირებას და ჩვენ სახეს ვაჩვენებთ გულშემატკივარს. მინდა მადლობა ვუთხრა მათ სტადიონზე მობრძანებისთვის. გულშემატკივრების გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს ნინო პასიკაშვილი.
მეორე ტაიმი, საქართველოს ნაკრებმა ოდნავ უფრო აქტიურად დაიწყო და ნათია დანელიას, შემდეგ კი, ანა ჩემინავას კვლავ შეეძლოთ გოლების გატანა. სხვათა შორის ეს ორი ფეხბურთელი მინდორზე ლელუ ჭიჭინაძის და მაიკო ბებიას შემოსვლამდე ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათი მცდელობები არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, აქ „ფეხბურთის კანონო - არ გაგაქვს, გაგიტანენ", ამოქმედდა და 59-ე წუთზე ლიეტუველებმა მეორე გოლი გაგვიტანეს. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები საკმაოდ ხისტად თამაშობდნენ, შეხვედრის რუმინელ მსაჯთა ბრიგადა აღნიშნულ დარღვევებს არ იმჩნევდა, თუმცა, დარჩენილ 10 წუთში სტუმრებისთვის 2 ყვითელი გაიმეტა. მატჩის მიწურულს სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაუტანეს და 3 ქულასთან ერთად 0-3 მოგვიგეს.
ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები 1 დეკემბერში გამართავს. ამ დღეს, ჩვენი გუნდი ლუქსემბურგს უმასპინძლებს, რომელმაც დღეს მინიმალური ანგარიშით 1-0 თურქეთმა დაამარცხა, 5 დეკემბერს თურქეთს ესტუმრება და ქალთა ლიგის პირველი გათამაშების ბოლო შეხვედრას გამართავს.