ხვალ, 31 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C2 ჯგუფის მეოთხე მატჩს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი, ლიეტუვას ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც ქართველი გოგონები 27 ოქტომბერს ვილნიუსში დაუზავდნენ.
საქართველოს ქალთა ეროვნული თამაშის შემდეგ ქუთაისში ჩამოფრინდა და 29 ოქტომბერს სფფ-ს ქუთაისის აკადემიაშიც ივარჯიშა. დღეს კი, ნაკრებმა სრული დატვირთვით პეტრო არენაზე ჩაატარა ვარჯიში.
„გუნდში კარგი განწყობაა. ლიეტუვაში კიდევ ერთი ქულა მოვიპოვეთ. ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი, თუმცა უქულოდ ყოფნაზე უკეთესია. ყოველ მატჩში ვაუმჯობესებთ თამაშს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით. ხვალინდელი თამაშის მოგება გვსურს. სამწუხაროდ, გვაქვს გარკვეული საკადრო პრობლემები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს გამარჯვების მოპოვება შეუძლია", - ამბობს ირის ანტმანი.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის გათამაშებაში ამ მომენტისთვის ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა, ხვალ ჩვენი გამარჯვებისა და ჯგუფის მეორე მატჩში, თურქეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებების შეხვედრის, ჩვენი მეზობლების წარმატების შემთხვევაში ჩვენ მეორე ადგილზე გადავინაცვლებთ. დარჩენილი ორი შეხვედრიდან, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრებს სახლში ლუქსემბურგთან და ბოლოს, თურქეთში უწევთ, საშინაო თამაშის მოგების შემთხვევაში კი, ჯგუფში საბოლოოდ დავიკავებთ მეორე ადგილს, რაც ფლეი-ოფში თამაშის (5 მეორე ადგილოსნიდან სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი) და შესაბამისად ერთი ლიგით დაწინაურების კარგ შანსს გვაძლევს.
„ლიეტუვასთან პირველი თამაში თანაბარი იყო. ორივე გუნდს შეგვეძლო გოლის გატანა, თუმცა თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა. ხვალინდელ შეხვედრაში 100 პროცენტით გამარჯვებაზე და 3 ქულის მოპოვებაზე ვართ ორიენტირებულები", - ამბობს ნათია დანელია, რომელიც 27 ოქტომბრის მატჩში, საკმაოდ ამწვავებდა თამაშს.
„ვფიქრობ, რომ საკუთარ მოედანზე, ჩვენს გულშემატკივართან ერთად, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. შესაბამისად, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ვიმედოვნებ, რომ ხვალ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება", - ამბობს ანა ჩემინავა, ქალთა ერთა ლიგაზე პირველი ქართული გოლის ავტორი.
საქართველოსა და ლიეტუვის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Livestream.com-ის არხზე, GFFTV-ზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა, რომელთა ფასიც 5 ლარია, ონლაინ არის შესაძლებელი.
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი