შერმადინის ტენერიფემ ბილბაო სტუმრად ოვერტაიმში დაამარცხა
შერმადინის ტენერიფემ ბილბაო სტუმრად ოვერტაიმში დაამარცხა
29.10.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში ლენოვო ტენერიფემ სტუმრად "ბილბაო" დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში პოზიცია გაიმყარა. ლიგა ენდესას მე-7 ტურში გიორგი შერმადინის გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა და მინიმალური სხვაობით - 94-93 იმარჯვა. ტენერიფელთა მეტოქე 6 მატჩიდან 4-ის მომგები ბილბაო იყო, ხოლო თავად შერმადინის გუნდს აქტივში 2 გამარჯვება ჰქონდა. განვლილი 6 ტურის შედეგებით ფავორიტად მიჩნეულ ბილბაოს ტენერიფემ პრინციპული ბრძოლა მოუგო, რაშიც საკუთარი წილი ქართველმა ლეგიონერმაც დაიდო.

კანარიელებმა პირველ ტაიმში მაღალ დონეზე ითამაშეს, რის შედეგადაც დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მერე ნახევარში ბასკები უკეთ ათამაშდნენ. საბოლოოდ, ძირითადი დრო 80:80 დასრულდა და ყველაფერი დამატებითმა 5-წუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც ასევე დაძაბული იყო, მაგრამ ტენერიფემ 1 ქულით მაინც გაიმარჯვა.


გიორგი შერმადინმა 18:17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა: 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო. თუმცა, გიორგიმ 5 პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო, რის გამოც თამაშს ნაადრევად გამოეთიშა და გუნდს ვერც ოვერ-ტაიმში დაეხმარა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 6 გამოდგა.


ტენერიფეში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 17 ქულით, ხოლო ბილბაოში ადამ სმითი - 14 ქულა.


ლენოვო ტენერიფე 3 მოგებით და 4 წაგებით ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ნოემბერს, მორაბანკ ანდორას უმასპინძლებს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან