ხუთი ტური და ცხრა ქულა - მოახერხებს ბათუმის „დინამო" ამ უპირატესობის შენარჩუნებას დარჩენილ ტურებში და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას, თუ „დინამო თბილისი" 2 დეკემბერს, გულზე მეორე ვარსკვლავს დაიქარგავს, ეს დაახლოებით, 34 დღის „ამბავია". ფაქტია, რომ ტურებში, სადაც ბათუმელებს თამაში არ წაუვიდათ და ქულები დაკარგეს, თბილისელებმა ვერ ისარგებლეს და უფრო მეტიც, ბოლო ტურებში, დღევანდელს თუ არ ჩავთვლით, რომელშიც გასვლაზე 0-2 გაიმარჯვეს, უბრალოდ ქულები ანიავეს.
დღეს, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა" ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საშინაო შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი" 0-2 დაამარცხა. თბილისელები, მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას და ეს ანგარიშშიც მარტივად ასახეს. გოლები გუნდის ლეგიონერებმა გაიტანეს, 36-ე წუთზე ანრი მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ ზორან მარუშიჩმა, 84-ე წუთზე კი, მარუშიჩის ნაცვლად, შეცვლაზე შემოსული დავით სხირტლაძის გადაცემის შემდეგ უსმანე კამარამ. ამ გამარჯვებით, თბილისელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს და 9 ქულაზე მეტით, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, წინ გაჭრის საშუალება არ მისცეს ბათუმის „დინამოს".
თავის მხრივ, მზიან დღეს, სამტრედიაში, ბათუმის „დინამომ", ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მარტივად დაამარცხა „სამტრედია", რომელიც გადასათამაშებელი ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ანგარიში აჭარლებმა სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნეს. გოლი, ირაკლი ბიძინაშვილმა გაიკეთა. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ისევე როგორც პირველი გოლის დროს, ზუსტი გადაცემა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, გოლი კი, ამ ჯერზე, ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა. სხვათა შორის, ღუდუშაურის გადაცემით გაიტანა ბათუმმა მესამე გოლოც, ამჯერად 76-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ. თუმცა, ამ გოლამდე, 53-ე წუთზე, აბდულა ხაიბულაევის გადაცემის შემდეგ, ერთი გოლი ზვიად ნაჭყებიამ გაქვითა. ბათუმის „დინამომ" 1-3 მოიგო და კვლავ გათამაშების ცხრილის სათავეშია.
საინტერესო გადაადგილებები მოხდა სატურნირო ცხრილის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ადგილებზე. აქ, 31 ტურის შემდეგ, მესამე საფეხურზე ქუთაისის „ტორპედო" ავიდა, რომელმაც თბილისში, პეტრო არენაზე, „გაგრას" დამარცხება მოახერხა 1-2. ანგარიში, 27-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა გახსნა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, 48-ე წუთზე ნიკოლა ნინკოვიჩმა გაგრელებს ცივი შხაპი გადაასხა. ნინკოვიჩის, რომელიც ქუთათურთაგან ყველაზე აქტიური იყო ამ შეხვედრაში, გადაცემის შემდეგ, ფრანსუა ეკონგოლომ მეორე აიღო მასპინძელთა კარი.
ამ მომენტისთის მეოთხე საფეხურზეა „საბურთალო", რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში მოიგო, ერთი ქულით ჩამორჩება გორის „დილა". გორელებმა, სახლში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პირველი ტაიმი ონორე გომესის გოლის წყალობით მოიგეს. მეორეში, 67-ე წუთზე, ჟან ვიქტორის გოლით კიდევ უფრო მიუახლოვდნენ წარმატებას. ტაიმის მიწურულს კი, რიცხობრივი უპირატესობითაც კარგად ისარგებლეს და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე, ნიკა გაგნიძემ მესამე გოლიც გაიტანა. „დილამ" 3-0 მოიგო.
31-ე ტურის მეხუთე შეხვედრა თელავში, „კავკასიონ არენაზე" გაიმართა. ალბათ, ამ მატჩში, „თელავი" უფრო ნერვიულობდა, ვინაიდან გადასათამაშებელ ზონასთან, მხოლოდ 5 ქულა აშორებს, აი, მისი მეტოქე „შუქურა" კი, შედარებით მშვიდად იყო, რადგან გუნდი ბოლო ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან წელს, ნამდვილად ვეღარ ამოვა. თამაშიც ფრედ სრულდებოდა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე, გიორგი ჯანელიძის გადაცემის შემდეგ, მორიგი გოლი გაიტანა დავით მუჯირმა და შუქურას 3 ქულა მოუტანა. სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში ეს მუჯირის მე-9 გოლია. აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სეზონზე, მუჯირმა „თელავის" მაისურით 5 გოლი გაიტანა.
ეროვნული ლიგის მორიგი, 32-ე ტური 3 და 4 ნოემბერს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი
ბათუმის "დინამოს" ფოტო