მოტო ჯიმხანა ელიავაზე
მოტო ჯიმხანა ელიავაზე
29.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რუსთავის ნაცვლად, არატრადიციულ ადგილას, შუაგულ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ჩატარდა დღეს მოტო სპორტში, „წყვილთა რბოლის" - მოტო ჯიმხანას, მე-3 ეტაპი. ასპარეზობაში მონაწილეობა, როგორც პროფესიონალმა, ასევე, მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს. სხვათა შორის, ღონისძიების ჩატარების ერთ-ერთი მიზანი, ქუჩის არალეგალური რბოლებიდან, მოტო სპორტის მოყვარულების სპეციალურ სივრცეში  გადმონაცვლება და ადრენალინის სწორი, კანონზომიერი დახარჯვაა.

შეჯიბრში მონაწილენი სტარტზე საკუთარი, ან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გამოყოფილი იდენტური მოტოციკლებით ასპარეზობდნენ, ჯიმხანის კლასის სარბოლო ტრასაზე. თავის მხრივ, ტრასა წინასწარ არის გამზადებული სხვადასხვა დაბრკოლებებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ტურნირის დებულების თანახმად, ორი საკვალიფიკაციო გარბენის შემდეგ, მრბოლელები დაწყვილდნენ და საუკეთესო დროის მფლობელი, უკვე, წყვილში, უარესი დროის მფლობელს შეეჯიბრა.




თავად შეჯიბრი 3 კლასში ჩატარდა:


პირველი მედლების კომპლექტი სკუტერების (ნებისმიერი კუბატურის მქონე, ვარიატორული გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი, შიდა წვის ძრავიანი, 2 ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება.) კლასში გათამაშდა.  აქ გამარჯვებული გიორგი აბაშიძე (Honda Click 110 2020) გახდა. მეორე იყო ლადო გუდაძე (EIVISA EIVISA 150 2018), მესამე გიგა გვაზავა (APRILIA SR 150 2019), მეოთხე ადგილი კი,  გიორგი გახელაძემ (KYMCO Like 125 2020) დაიკავა.


მეორე კლასში მონაწილეობა მონაწილეობდნენ მრბოლელები 540 cc-მდე მოტოციკლებით (0 cm³-დან - 540 cm³-მდე, 2, 4 ტაქტი, 1,2,3 და 4 ცილინდრი). აქ, საუკეთესო შედეგი ლაშა გაბრიელაშვილმა (YAMAHA FZ 150 2020) აჩვენა. დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 2 ადგილი, ლადო გუდაძე (HANWAY RAW 125 2022),  3 - გიორგი ანუაშვილი (HONDA Monkey 50 1985), 4 - გიორგი ნიკოლეიშვილი (KAWASAKI Z650 2020), 5 -  გიორგი გახელაძე (HONDA CRF 450 2019), 6 - გიორგი კუხიანიძე (HANWAY RAW 250 2022), 7 - ნიკა ფილიშვილი (HANWAY 2022).




მედლების ბოლო კომპლექტი კი, მესამე კლასში -  540 cc-დან მოტოცკლებით (540 cm³-დან - ნებისმიერი მაქსიმალური კუბატურის მქონე მოტოციკლი, 2, 4 ტაქტი, 1,2,3 და 4 ცილინდრი) მრბოლელთა შორის გათამაშდა. ამ კლასის გამარჯვებული ლადო გუდაძე (KAWASAKI Z650 ABS 2020) გახდა. დანარჩენი ადგილები კი, შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა: 2  ადგილი -  გიგი გილაური (KTM 640 Duke II 2003), 3 - ვლადიმირ ვართანოვი (YAMAHA FZ6 2005), 4 - გიორგი ნიკოლეიშვილი (HANWAY RAW 125 2020), 5 - გიორგი გახელაძე (KTM 690 SMC R 2019), 6 - გიორგი აბაშიძე (KTM SMC 690 2023).


აღსანიშნავია, რომ ჯიმხანას კლასის შეჯიბრები 2023 წელს შედგება სამი ეტაპისაგან. მათში მონაწილეობის მსურველებს კი ასპარეზობაში ჩართვა, ნებისმიერი ეტაპიდან შეეძლოთ. მონაწილე (შესაბამისი ლიცენზიის წარდგენის შემდეგ), ყოველ ეტაპზე აგროვებს დაკავებული პოზიციის მიხედვით ქულებს. ჩემპიონი კი გამოვლინდება მესამე ეტაპის ბოლოს ქულათა დაჯამებით. რაც შეეხება ქულათა სისტემას, თითო რბოლაზე, მაქსიმუმი არის 25 ქულა, ხოლო ბოლო მე-15 საპრიზო ადგილისთვის 1 ქულა. შესაბამისად ნაწილდება ქულები ადგილების მიხედვითაც (ზევიდან ქვევით): 25, 20, 15, 13, 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 ქულა.




მოტო ჯიმხანა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, FIM-ის  სტანდარტებზე დაყრდნობით, მოტო სკოლა „პიტსტოპ აკადემიის" ორგანიზებით ჩატარდა.


შეჯიბრის სრული ფოტო-ამბავი