ირის ანტმანის გუნდის მეორე ქულა ქალთა ერთა ლიგაზე
ირის ანტმანის გუნდის მეორე ქულა ქალთა ერთა ლიგაზე
27.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ვილნიუსის LFF სტადიონზე ქალთა ერთა ლიგის მეორე შეხვედრა ჩაატარა ლიეტუვას ნაკრებთან, ფრედ 0-0 ითამაშა და მეორე ქულა აიღო. დღესვე ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, თურქეთმა გასვლაზე 0-4 ლუქსემბურგი დაამარცხა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია 9 ქულით. რაც შეეხება ირის ანტმანის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს, ჩვენები სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე არიან და  მხოლოდ 2 ქულით გვისწრებს ლუქსემბურგის ნაკრები რომელსაც 1 დეკემბერს სახლში ვუმასპინძლებთ და  რეალურად C დივიზიონის მეორე ჯგუფში მეორე ადგილის ამბავს გავარკვევთ. თუმცა, მანამდე, საქართველოს ნაკრებს 31 ოქტომბერს, თბილისში, ლიეტუვასთან საშინაო შეხვედრა აქვს გასამართი.

დღევანდელ მატჩში კი, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. თუმცა, რა დასამალია და მასპინძლებმა სახლის კედლების ფაქტორიდან გამომდინარე, ალბათ, უფრო მეტად მოინდომეს და ჩვენი ნაკრების კარის მცველსაც, სვეტლანა გაბელაიას, რამდენჯერმე თავის გამოჩენაც მოუხდა. რამდენიმე საგოლე მომენტი ქართველმა ქალებმაც შექმნეს. ჩვენი გუნდის დაწინაურება პირველ ტაიმში გამოცდილ ხატია ჭყონიას შეეძლო. აქტიურობა თეონა ბაქრაძეც. მეორე ტაიმში, უკვე სალომე გასვიანს, მაიკო ბებიას და ანა ჩემინავასაც ჰქონდათ ლიეტუველთა კარის აღების საშუალება. შეხვედრის ეს მონაკვეთი, პირველი ტაიმისგან განსხვავებით უფრო დინამიური იყო. თუმცა, გოლი არ გასულა.


ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი, რამდენიმე დღეში 31 ოქტომბერს, კვლავ ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით მატჩის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა TKT.GE-ზე დაწყებულია და მათი ფასი 5 ლარია. უშუალოდ მატჩის დღეს კი, ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროშიც იქნება შესაძლებელი.  


ფოტო: (c) LFF.lt