კახაბერ ჭინჭარაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თავი დღესაც გამოიჩინა. FIBA-ს ევროპის თასის I ჯგუფის მეორე კალენდარულ დღეს, თსუ-ს შემადგენლობიდან მან ყველაზე ბევრი 22 ქულა დააგროვა, ამდენივე % ჰქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ, ორმაგ დუბლამდე კი, მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.
თბილისი არენამ დღეს პირველად, ქართულმა კალათბურთმა კი, 5 წლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ უმასპინძლა საკლუბო ტურნირის შეხვედრას. ალბათ, თავშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ თსუ-ს რიგებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები არიან. შესაბამისად, მხოლოდ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, თამაშის მიმართ ინტერესიც დიდი უნდა ყოფილიყო. თუმცა, რა დასამალია და საკლუბო კალათბურთი, რომელიც „ალაგ-ალაგ მშვიდობაში გამოჩნდება" ხოლმე საერთაშორისო სარბიელზე, ქომაგთა მხრიდანაც არ არის განებივრებული. ალბათ, ამ მხრივ, გამონაკლისი თსუ-ს გუნდი არის, ვინაიდან უნივერსიტეტელებს ქომაგი სუპერლიგის გათამაშების დროსაც არ აკლია.
დღევანდელი შეხვედრა კი, თსუ-მ ქართული კალათბურთისთვის ცნობილი სახეებით დაიწყო. სასტარტო ხუთეულში რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ცინცაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ტურძილაძე იყვნენ. სტუმრებმა, კვიპროსული „კერავნოსის" კალათბურთელებმა, ამ შეხვედრაში პირველი ქულები ჩააგდეს და ბოლო პერიოდამდე ლიდერობა არც დაუთმიათ. თსუ, მეტოქეს ხან 10 ქულით სცილდებოდა, ხანაც ერთით უახლოვდებოდა. პირველი ორი პერიოდი სტუმრებმა მოიგეს, 11-16, 15-22 და დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით, 26-38 გავიდნენ. სხვათა შორის, შეხვედრის ამ მონაკვეთში თსუ-მ რამდენჯერმე დაქაჩა თამაში, თუმცა, სტუმრებმა ტაიმი, მეორე პერიოდის ბოლოსკენ ჩაგდებული 3-ქულიანების ხარჯზე მოიგეს.
ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თსუ, ცოტა მეტი ყურადღებით რომ ყოფილიყო ფარზე, როგორც შეტევისას ასევე, დაცვის თამაშის დროს, შედეგი სხვა იქნებოდა. ფაქტია, რომ სტუმრებმა ძალიან ბევრი ააცილეს, ფარიც წააგეს, თუმცა, ქართულმა გუნდმა კონტრშეტევებზე არ ივარგა. ჩვენც საკმაოდ ბევრი გვგქონდა დაკარგვა. სხვათა შორის, მოხსნების მხრივ, სტუმართა გუნდიდან ტრავის ტეილორი იყო, რომელსაც საბოლოოდ 19 მოხსნა დაუგროვდა.
რაც შეეხება მეორე ტაიმის საწყის პერიოდს, ის თსუ-ს 10 ქულიანი გამარჯვებით 17-7 დასრულდა. თუმცა, გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ანგარიში 43-45 იყო, სტუმრები 2 ქულით კვლავ წინ იყვნენ. მეოთხე პერიოდის დაწყებიდან 55 წამში, რატი ანდრონიკაშვილმა გათანაბრება მოახერხა. სტუმრებმა 2 ქულით უპასუხეს, თუმცა კახაბერ ჯინჭარაძემ 3-ქულიანით, თსუ ამ შეხვედრაში პირველად დააწინაურა. ამის შემდეგ ცინცაძემ, ფევაძემ, მოახერხეს კიდევ 4 ქულის აღება და თსუ-მაც ოდნავ გაქცევა და ამოსუნთქვა მოახერხა. თსუ-ს ბოლო ქულები ჯინჭარაძემ და ტურძილაძემ მოუტანეს, თუმცა, ალბათ, მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზე გაქცევა რომ არა, ბოლოში, ქართულ გუნდს, ნამდვილად გაუჭირდებოდა. თსუ-მ ეს მონაკვეთი 20-15, შეხვედრა კი, 63-60 მოიგო.
ალბათ, დაცვაში გამართული თამაშისა და წვრილმანი შეცდომების თავიდან აცილების შემთხვევაში, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრაში, 15 ნოემბერს, ქართველებს არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა მანამდე, თსუ-ს 2 ნოემბერს სტუმრად იტალიაში, „ვარეზეს" წინააღმდეგ უწევს მესამე თამაში. შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
თსუ-ს ჯგუფი შესახებ ყველა ინფორმაცია
მატჩის ფოტო-ამბავი