თოკოს და შერმოს მორიგი სათამაშო ტური
თოკოს და შერმოს მორიგი სათამაშო ტური
25.10.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინის ჩინებული თამაშის მიუხედავად "ლენოვო ტენერიფე" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში დამარცხდა. ესპანური კლუბი თურქულ დარუშაფაკას ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში - 84:88 დათმო. ეს გახლდათ ტენერიფელთა მე-2 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა შერმადინის გუნდმა 17 ოქტომბერს, შინ ჩაატარა და ფრანგული "შოლე" 95:75 გაანადგურა. შეგახსენებთ, ეს ის შოლეა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან ძირითად ეტაპზე რომ ვერ მოხვედრილიყო, ფიბა ევროპის თასზე ინაცვლებდა და თსუ-ს ჯგუფში ჰქონდა ადგილი, თუმცა გუნდმა მოახერხა საკვალიფიკაციოს დაძლევა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობს.

სტამბოლში თამაში დაძაბული გამოდგა. ტენერიფე მატჩის მსვლელობისას 18 ქულას იგებდა, თუმცა დარუშაფაკას წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26:41 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შერმადინს 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა. ქართველი ლეგიონერი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს ნაკრების წევრის საერთო მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.


თითო მოგებ-წაგებით ტენერიფე ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 8 ნოემბერს, შინ, ლატვიურ ვეფ რიგასთან გამართავს.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან





ვირტუს ბოლონიასა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაში იმყოფება, იტალიის სერია A-ს უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.


ეს მოსალოდნელიც იყო მას შემდეგ, რა სტატისტიკაც ქართველმა მძიმე ფორვარდმა სასარი დინამოსთან მოგებულ მატჩში (80:66)  აჩვენა. შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30 წუთში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.


გასულ შეხვედრაში შენგელიას ანგარიშზე 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი იყო. მან 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრის ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. ქართველი ლეგიონერის +/- მაჩვენებელი +17 გახლდათ. რაც შეეხება პასივს, შენგელიამ 5-ჯერ დაკარგა ბურთი და მხოლოდ 2-ჯერ დაჯარიმდა.


სათქმელია ისიც, რომ MVP-ს გამოკითხვაში თორნიკემ კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა. ქართველმა კალათბურთელმა ხმების 55.3% მიიღო, ლენგსტონ გელოვეის (რეჯო ემილია) 26.3% ერგო, კრუიზ პინკინსს (სკაფატი) კი - 18.4%.


ვირტუსს იტალიაში ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და ბრეშასთანა და გიგა ჯანელიძის ვენეციასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო თამაშს კი 30 ოქტომბერს გასვლაზე ნაპოლისთან ჩაატარებს. მანამდე, კონკრეტულად კი, 27 ოქტომბერს, ბოლონიელები ევროლიგის ეგიდით ფრანგულ ვილერბანს ესტუმრებიან.