ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებულია
ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებულია
24.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებულია. გამოცდილმა ქართველმა ჯუდოკამ, მიმდინარე სეზონში, მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური ლიცენზიების წელს, უპირველესად ალბათ, ფსიქოლოგიური წონასწორობა აღიდგინა. ახლა ვაჟას, წინ მონპელიეში, ევროპის ჩემპიონატი ელის, სადაც ქართველი ნამდვილად ამაღლებული განწყობით ჩავა.

დღეს კი, მარგველაშვილმა ფინალში უზბეკი მეტოქე, მუხრიდინ ტილოვოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ფრანგი, შემდეგ თურქეთის წარმომადგენელი გამოთიშა ასპარეზობას და ბადეს მოსაგებად ყაზახი ჯუდოკა დაამარცხა. 1/2  ფინალში ვაჟამ აზერბაიჯანელი რუსლამ ფაშაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა.


ამავე წონაში დღეს, ასპარეზობა ალეკო კასრაძემაც დაიწყო, თუმცა, პირველივე ეტაპზე დამარცხდა და გამოაკლდა ასპარეზობას. დღესვე, -60 კრ წონით კატეგორიაში, საწყის ეტაპზევე დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი, მისი მეტოქე, ბრაზილიელი მატეუს ტაკაკი კი, საბოლოოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


ხვალ, 25 ოქტომბერს, აბუ დაბის გრან სლემზე, ქართველები კიდევ ორ წონით კატეგორიაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას. -73 კგ წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძე და გიორგი ახალაური იასპარეზებენ. -90 კგ წონით კატეგორიაში კი ძალებს, დიმიტრი გოჩილაიძე სცდის.


აბუ დაბიში, ქართველები 12 ჯუდოკათი არია წასულები, შესაბამისად ტურნირის ბოლო დღეს,  26 ოქტომბერს ტატამს ყველაზე მეტი ქართველი „დაამძიმებს".


-90 კგ გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე

-100 კგ მიხეილ ჯაფარიძე ,ონისე სანებლიძე

+100 კგ საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე



ფოტო: (c) Sabau Gabriela