ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ოქროს შანსი" გაუშვა ხელიდან, რომ ელიგის დასრულების შემდეგ, გულზე მეორე ვარსკვლავი დაეხატა. ახლა, იმისთვის, რომ „დინამო თბილისმა" ტიტული შეინარჩუნოს, მისმა უშუალო კონკურენტმა, მინიმუმ 4 თამაში უნდა წააგოს, თბილისელებმა კი, დარჩენილიდან მინიმუმ 5, მათ შორის ბათუმის „დინამოსთან" შეხვედრა მოიგონ.
თეორიულად, ბუნებრივია ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, ელიგის 30-ე ტურში, „დინამო არენაზე", „დინამო თბილისმა" „გაგრასთან" ჩატარებული მძიმე შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისური კლუბი 0-1 დამარცხდა, ამის თქმა ცოტა ძნელია. შეხვედრის 32-ე წუთამდე დინამოელებმა რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. 32-ე წუთზე კი, ანრი მექვაბიშვილმა ცუდად შეცვალა ფლანგი და რეალურად საგოლე გადაცემა გაუკეთა საბა მამაცაშვილს, რომელმაც არ დააყოვნა და თბილისელთა კარში გოლი გაიტანა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მეორე შეხვედრაში ზედიზედ მარცხი იწვნია და რეალურად, ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ახლა, ბათუმის „დინამოსთან" თბილისურს 9 ქულა აშორებს.
მატჩის ვიდეო-ამბავი
რაც შეეხება, ბათუმის „დინამოს", ამ ტურში, დემჩენკოს გუნდმა, საშინაო თამაშში ქულები გორის „დილასთან" დაკარგა. აქ ანგარიში, მე-12 წუთზე, გიორგი გაფრინდაშვილის გადაცემის შემდეგ, მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 42-ე წუთზე კი ერთ უშედეგო სტანდარტულს, მოჰყვა მომენტი, რომელიც VAR-ზე გადამოწმდა და ტეიდთან უხეში თამაშის გამო, გორელთა კარში 11-მეტრიანიც დაინიშნა. გიორგი ზარია კიმ უშეცდომო იყო და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. მეტი გოლი ამ შეხვედრაში აღარ გასულა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა ორი ქულა დაკარგეს, ეს „სატოპკე" ვერ გამოიყენა თბილისურმა „დინამომ" და ახლა, აჭარული გუნდი მორიგი ჩემპიონობისკენ, დემჩენკო კი, პირველი ტიტულისკენ უფრო მშვიდად გააგრძელებს მოძრაობას.
გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე 1-2 მოიგო ქობულეთის „შუქურას", თბილისის „საბურთალომ", რომელმაც სხვადასხვა კლუბთან, ამ სტადიონზე, მიმდინარე სეზონში იმდენჯერ ითამაშა, რომ თითქმის საშინაოდ იქცა. ანგარიში მე-10 წუთზე სტანდარტულიდან ლუკა სილაგაძემ გახსნა და მიმდინარე სეზონში მე-10 გოლიც მიიწერა სათვალავში. ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე მორგი სტანდარტულის შემდეგ, არეულობით კარგად ისარგებლა დავით მუჯირმა და ანგარიში გაათანაბრა, პირად სათვალავში კი, მე-8 გოლი ჩაიწერა მიმდინარე სეზონში. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, შოთა ნონიკაშვილმა კვლავ მოახერხა „საბურთალოს" წინ გაყვანა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც. ახლა საბურთალოს 49 ქულა აქვს და 6 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ „დინამო თბილისს".
48 ქულა დააგროვა ამ ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომაც", რომელმაც სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, თუმცა, კლუბი ახლა საპრიზო სამეულში მოხვედრის კანდიდატია. ქუთაისელებმა, იმერულ დერბიში, გიორგი არაბიძის დუბლის (34' (პ), 85') წყალობით, „სამტრედია", ანგარიშით 2-0, დაამარცხეს რამაზ შენგელიაზე. ქუთაისელთაგან განსხვავებით, „სამტრედიას" 29 ქულა აქვს, ისევე როგორც „გაგრას" და გადათამაშების ზონაშია.
თუმცა, ორივე კლუბი, მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება „თელავს", რომელმაც ამ ტურში, კავკასიონი არენაზე, „სამგურალს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. კახელები, პირველ ტაიმში ჰაიტელმა და ბრაზილიელმა ლეგიონერებმა დააწინაურეს. თან, ეს სულ რაღაც 4 წუთიან მონაკვეთში გააკეთეს. გოლები ჟონელ დეზირემ 27-ე, ტომელინ გუტიერმა კი, 31-ე წუთებზე გაიტანეს. მხოლოდ, 88-ე წუთზე მოახერხა „სამგურალმა" ლუკა ხორხელის ძლიერი დარტყმის შემდეგ ანგარიშის გაქვითვა. თუმცა, იმერლებს, მეტზე დრო აღარ დარჩათ.
ეროვნული ლიგის მომდევნო, 31-ე ტური 28 და 29 ოქტომბერს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი