„დინამო თბილისმა“ ECA-ს ახალგაზრდული ფეხბურთს განვითარების კონფერენციას უმასპინძლა
„დინამო თბილისმა“ ECA-ს ახალგაზრდული ფეხბურთს განვითარების კონფერენციას უმასპინძლა
21.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ფეხბურთის ისტორიულმა და ტიტულოვანმა „დინამო თბილისმა" ამ დღეებში,  ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კონფერენციას უმასპინძლა. „ატლეტიკო ბილბაო", „რეალ სოსიედადი", „ნოტინგემ ფორესტი", ვენის „რაპიდი", „ცრვენა ზვეზდა", „ყარაბაღი", „ზიმბრუ", ბათუმის „დინამო", მინსკის „დინამო", „ნოა" და „პიუნიკი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებმაც, ორი დღის მანძილზე, თბილისში, „დინამო არენაზე" გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაში, მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

„ჩვენი კლუბისთვის ძალიან საჭირო ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. როგორც მოგეხსენებათ, დინამოსთვის", ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ამ საკითხში ევროპული გამოცდილების გაზიარება ჩვენს კლუბს განვითარებაში ძალიან დაეხმარება. მოხარული ვარ, რომ მაღალი დონის ევროპული კლუბების წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ და მადლობა მინდა გადავუხადო ECA-ს ასეთი შესაძლებლობისთვის", - ამბობს ზაზა დოლიძე, „დინამო თბილისის გენერალური დირექტორი.




საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონალური მართვა, „დინამო თბილისის" აკადემიის ასაკობრივი ნაკრებების მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო და ლოკალური ტურნირები, ანალიტიკა, ფიზმომზადება, ბევრი საკითხი, რომლის გარეშეც თანამედროვე ფეხბურთი უკვე წარმოუდგენელია - ეს კი, იმ თემების ჩამონათვალია, რომელსაც კონფერენციის მონაწილეებმა ორი დღის მანძილზე საკმაოდ ბევრი ილაპარაკეს.


„პირველ რიგში, დიდი მადლობა დინამო თბილისს მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია ისეთი კლუბის სტუმრობა, როგორიც დინამოა". ეს კლუბი, შესანიშნავ მაგალითს აძლევს დანარჩენ ევროპას მისი ხედვით, ჰქონდეს აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო აკადემია ფეხბურთელების აღსაზრდელად", - ამბობს პუია იაგუნიამ ევროპის კლუბების ასოციაციის ფეხბურთის განვითარების მენეჯერი.





ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ლუკა ლოჩოშვილი - ეს „დინამო თბილისის აკადემიაში" აღზრდილი იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც დღეს, ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავენ და ამავდროულად, ევროპულ-ამერიკულ საკლუბო ჩემპიონატებშიც შესამჩნევი არიან. ყველა ეს ფეხბურთელი ერთ-ერთი პრეზენტაციის ერთ სლაიდში მოხვდა და ალბათ, ბევრის მეტყველია.


აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდული ფეხბურთის შესახებ საკუთარი პრეზენტაცია „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკომაც წარმოადგინა, რომლის სახელსაც დღევანდელი აკადემიის მუშაობა ფართოდ უკავშირდება. კონფერენციის მონაწილეებმა, ქართული მხარის მიერ მომზადებული პრეზენტაციების გარდა, ერთმანეთს საკუთარ კლუბებში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით არსებული გამოცდილებცა გაუზიარეს.



კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში „დინამო თბილისის" საწვრთნელი ბაზა და აკადემია მოინახულეს. „დინამო არენაზე" კი, სადაც დღეს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დაბრუნდება,  „დინამო თბილისის" პირველი გუნდის ვარჯიშსაც დაესწრნენ.


სკ „დინამო თბილისის" ფოტოები