ქართული ლეგიონი შტატებსა და ევროპაში
ქართული ლეგიონი შტატებსა და ევროპაში
21.10.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ამერიკის ნაციონალური ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე ქართველი კალათბურთელების გუნდებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეს. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა" შინ ბრაზილიური „ფლამენგო" 109:75 დაამარცხა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა" სტუმრად „გოლდენ სტეიტს" 122-117 სძლია.


მიღებული წუთებიდან გამომდინარე, ორივე ქართველი კალათბურთელი შედეგიანი იყო. ბითაძემ ბრაზილიური გუნდის წინააღმდეგ 21:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 6 დან 3 ორქულიანი და 8 დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.


„გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ 7 წუთი მიიღო მამუკელაშვილმა. მან ამ დროის მანძილზე  8 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ თამაშიდან 4-ჯერ ესროლა და 3 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.


სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს „ორლანდო მეჯიქი" 26 ოქტომბერს საშინაო მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსთან" გამართავს, ხოლო „სან ანტონიო" იმავე დღეს „დალას მავერიქსს" უმასპინძლებს.




თორნიკე შენგელია, რომელიც ევროლიგის მე-4 ტურის MVP გახდა, წარმატებულად ითამაშა მომდევნო, მე-4 ტურშიც, რომელშიც მისმა "ვირტუსმა" სერბულ "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლა. შეხვედრა ბოლონიელთა გამარჯვებით - 85-79 დასრულდა, ქართველი ფორვარდი კი თავის გუნდში 19 ქულით ბომბარდირი გახდა.


მთელი მატჩის განმავლობაში წინ „ვირტუსი" იყო, თუმცა სერბული კლუბი ბოლო წუთამდე იბრძოდა და თამაშიც სანახაობრივი გამოვიდა. „ზვეზდას" რიგებში ექს-ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი თამაშობდა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა. სამაგიეროდ შენგელია იყო ერთ-ერთი გამორჩეული: 30 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.


მატჩის ბომბარდირი სერბული გუნდის ამერიკელი ლეგიონერი შაბაზ ნეიპიე გახდა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი.


„ვირტუსი" მომდევნო მატჩს იტალიის ჩემპიონატში 22 ოქტომბერს „სასარის" წინააღმდეგ გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან