დღეს თბილისში, ნინო სალუქვაძის ტირში ვაჟთა შორის საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა. მედლების კომპლექტები გათამაშა როგორც უფროსებში, ასევე, ახალგაზრდებს შორისაც.
ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრს რამდენიმე წამყვანი სპორტსმენი დააკლდა. მათ შორის ცოტნე მაჭავარიანი. ახალგაზრდათა ტურნირზე კი, მონაწილეთა სიმცირის მიზეზად, საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია სასწავლო პროცესთან სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესების შეუთავსებლობაა (სკოლებში, გაცდენები არასაპატიოდ ითვლება).
უფროსებში, სამივე საპრიზო ადგილი ნინო სალუქვაძის კლუბის წევრებმა მოიპოვეს.
უფროსები
1. კაკო მოსულიშვილი (კ.ნ.ს.) - 568 (97, 93, 95, 95, 92 96)
2. ლევან ქადაგიძე (კ.ნ.ს.) - 561 (94, 92, 91, 93, 93, 98)
3. მიხეილ სანიკიძე (კ.ნ.ს.) - 560 (94, 90, 98, 92, 94, 92)
საუკეთესო შედეგი კაკო მოსულიშვილმა აჩვენა, რომელმაც 568 ქულა დააგროვა და გაიმარჯვა კიდეც. მეორე-მესამე ადგილებისთვის კი დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ნაკრების კიდევ ერთ-ერთმა წევრმა ლევან ქადაგიძემ (561 ქულა), მხოლოდ, 1 ქულით აჯობა მესამე ადგილზე გასულ მიხეილ სანიკიძეს.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, აქ, მთავარი ბრძოლა ქუთაისის წარმომადგენლებს შორის წარიმართა. გიორგი მუმლაძემ 564 ქულა დააგროვა და 3 ქულით ჩამოიტოვა იოანე ხვარეშია. ბრინჯაოს მედალი კი, 560 ქულით სკა-ს წევრმა ლაშა შავშიშვილმა მოიპოვა.
ახალგაზრდები
1. გიორგი მუმლაძე (ქუთაისი) - 564 (93, 91, 92, 96, 95, 97)
2. იოანე ხვარეშია (ქუთაისი) - 561 (93, 94, 90, 93, 96, 95)
3. ლაშა შავშიშვილი (სკა) - 560 (94, 94, 94, 94, 93, 91)
ერთ დღით ადრე, საქართველოს თასი გათამაშდა ქალთა შორის პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ისევე, როგორც ვაჟთა შორის, აქაც, მედლების კომპლექტები უფროსებსა და ახალგაზრდებს გათამაშდა. ქალებში წარმატება უკრაინელმა სპორტსმენმა ვალერია ზორინამ მოიპოვა. ზორინა, უკვე მეორე წელია, თბილისში ცხოვრობს და ნინო სალუქვაძის ტირში ვარჯიშობს. მან 563 ქულით გაიმარჯვა და 1 ქულით გაუსწრო ლიზი კილაძეს, მესამეზე კი მარიამ ფროდიაშვილი გავიდა 561 ქულით.
ახალგაზრდებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო სალომე ფროდიაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა, უფროსების მსგავსად, ცხრილში აქაც დიდი სიმჭიდროვეა. სალომემ მხოლოდ 2 ქულით გაუსწრო მარიამ მარშავას და 3 ქულით მარიამ აბრამიშვილს.
უფროსები
1. ვალერია ზორინა (კ.ნ.ს.) - 563 (94, 96, 91, 94, 91, 97)
2. ლიზი კილაძე (კ.ნ.ს.) - 562 (94, 94, 93 94, 93, 94)
3. მარიამ ფროდიაშვილი (თელავი) - 561 (91, 94, 90, 96, 95, 95)
ახალგაზრდები
1. სალომე ფროდიაშვილი (თელავი) - 559 (94, 90, 93, 93, 93, 96)
2. მარიამ მარშავა (კ.ნ.ს) - 557 (94, 92, 90, 96, 92, 93)
3. მარიამ აბრამიშვილი (კ.ნ.ს.) - 556 (95, 92, 89, 97, 91, 92)
ხვალ, საქართველოს თასი შერეულ წყვილთა ტურნირით დასრულდება. უკვე მომდევნო დღეებში, კონკრეტულად კი, 23 ოქტომბერს თბილისის თასი გათამაშება დაიწყება.
ფოტოები: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია