ტრადიციული როგით მე-5 რბოლამ ოქტომბრის დასაწყისში მთელი საქართველო გადასერა. Rally Adventure Georgia-ს რბოლას სტარტი თბილისიდან მიეცა და ყაზბეგში დასრულდა. მონაწილეებმა 1600 კმ დაფარეს და შეიძლება ითქვას, საქართველოს მთელი ტეროტორია მოიარეს (თბილისი - იმერეთი - ანაკლია - საირმე - დავით გარეჯი - ყაზბეგი).
„ეს მარშრუტი პირდაპირ არ გაგვივლია, მოსაძებნი იყო ჩექ-ფოინეთები, რომელიც უნდა დაგვეფიქსირებინა. დღეში, დაახლოებით, 6-10 ასეთი ჩექ-ფოინთის მოძებნა და დაფიქსირება გვიწევდა", - ამბობს რბოლის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მონაწილე, მაია (მაო) გოშაძე, რომელიც ოფროუდის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, „ძველი" და ნაცნობი სახეა. გამოცდილ ქალ მრბოლელს, რომლის შეჯიბრში მონაწილეობის კადრები ჩვენი, TSFF.Ge-ს სხვადასხვა პროექტში ხშირად მოხვედრილა, მეწყვილეობას ტრადიციულად მარიამ ნანობაშვილი უწევდა (ბოლო პერიოდში) - მაოს შვილი, „რებეკა", რომელმაც, სხვათა შორის, შტურმანობას ოდნავ მოგვიანებით მოჰკიდა ხელი, მანამდე კი მარიამი ოფროუდერთა შეჯიბრების ყველაზე მკაცრი და სამართლიანი მსაჯი იყო.
სათავგადასავლო რბოლაში, წელს ახალ შტურმანთან, მარიამ ხოსიტაშვილთან ერთად, ეკიპაჟის ნომერი 52-ით მაოს და მარიამის წყვილმა მეორე საპრიზო ადგილი აიღო. ამ რბოლაში, შვილი
მარიამის შტურმანის ადგილი, რებეკას გაწვრთნილმა მაოს ნათლულმა მეორე მარიამმა დაიკავა, რომელმაც „მასწავლებელი" ნამდვილად ასახელა.
ეს რბოლა და ვერცხლის მედლები მაოს და მარიამის ეკიპაჟმა, რებეკას ხსოვნას მიუძღვნა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, მისთვის ბოლო ჩექ-ფოინთი იმიერ საქართველოში, მძიმე სენთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დააფიქსირა.
ტრადიციულად რბოლაში საერთაშორისო ეკიპაჟებიც მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, წლევანდელი რბოლისთვის ერთ-ერთი პირობა იყო, ეკიპაჟები შერეული ყოფილიყო, რაც გულისხმობდა, რომ ერთი აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. მონაწილეთა შორის კი, მაოსა და მარიამის ეკიპაჟი სრულად ქალებით იყო დაკომპლექტებული. ქალთა ეკიპაჟის მომზადებასა და აღჭურვაზე „თეგეტა მოტორსმა" იზრუნა.
რბოლის ორგანიზატორის ვერა მურღულიას ინფორმაციით, რბოლაში, მონაწილეობა 22-მა ეკიპაჟმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ მონაწილეები საფრანგეთიდან -7, კანადიდან -3, ჩეხეთიდან -2, საქართველოდან -6, თითო -თითო შვეიცარიიდან, ინგლისიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან.
სტატიაში გამოყენებულია © Victor Kaminsky / Rally Adventure Georgia ფოტოები