ქალთა ლიგაში ვერც ზედა ჯგუფის მესამე ტურის შემდეგ გამოიკვეთა ლიდერი. გათამაშებას და საჩემპიონო რბოლას კვლავ, „სამეგრელო" და „ლანჩხუთი" უდგანან სათავეში. ორივე გუნდმა, 17 ოქტომბრის თამაშები მოიგო და სატურნირო ცხრილს კვლავ, თანაბარი, 22-22 ქულით ლიდერობს.
თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, „ლანჩხუთმა" პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი, როდესაც „კვარტალს" ხუთი (ლელუ ჭიჭინაძე 3', 10', ანასტასია ბოლქვაძე 15', სოფიკო ნარსია 23' და ანა წულაია 36') უპასუხო გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს. ქართული ქალთა ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილმა გუნდმა, მეორე ტაიმში, დიდი ალბათობით ძალები, მომდევნო თამაშებისთვის შემოინახა და ბურთი, მარტივად, „გააგორა". თუმცა, „კვარტალმაც" მოინდომა და ელიზაბეტ რიჟამაძემ 65-ე წუთზე, პრესტიჟის გოლი გაიტანა. „ლანჩხუთმა" 1-5 გაიმარჯვა.
დიდი ანგარიშით, 7-1 მოუგო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „სამეგრელომ", „ბათუმს". თუმცა, პირველ ტაიმში, რომელშიც გოლი მხოლოდ 35-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი, მარიამ ჯანიკაშვილი იყო, მსგავს ანგარიშზე არაფერი მიუთითებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩხოროწყუელები, თამაშის გაკონტროლებას ახერხებდნენ. თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, სადაც „სამეგრელომ" „ბათუმს" უმასპინძლა, გოლების „წვიმა" 69-ე წუთიდან დაიწყო, მაიკო ბებიამ ანგარიშ ორამდე გაზარდა. კიდევ ერთ წუთში, ნინო ბუხრიკიძემ გოლის შემდეგ, მასპინძლები უკვე 3 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა. თუმცა, 73-ე წუთზე, ელენე ბოლქვაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ამის შემდეგ, დარჩენილ დროში, გივი კვარაცხელიას გუნდმა კიდევ, ოთხი გაიტანა - ლიზი მწყერაშვილმა, ანა მილჩევსკამ და კიდევ ორი ნინო ბუხრიკიძემ.
მომდევნო ტურში, „ბათუმი" - „ლანჩხუთს" მიიღებს, „კვარტალი" კი, „სამეგრელოს" უმასპინძლებს.
ქვედა ჯგუფში, ფრედ 0-0 დასრულდა შეხვედრა თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, სადაც „ნორჩი დინამო", ხობის „კოლხეთს" მშრალად დაუზავდა. თბილისშივე, სფფ-ს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, სოხუმის „დინამომ" 1-3 წააგო ქუთაისის „მართვესთან" და გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, 7 ქულით ბოლო ადგილზეა და შესაბამისად, ქალთა ლიგის დატოვების კანდიდატია მოცემულ მომენტში.