ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც დღეს, ბრიუსელში მსხვერპლი მოჰყვა, უეფა-მ ბელგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების ევრო 2024-ის შესარჩევი შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ გადადო. შეხვედრის გადადებამდე უეფა-მ კონსულტაციები ბელგიის უსაფრთხოების სამსახურებთან, ასევე, შეხვედრის მონაწილე გუნდებთან გაიარა. მატჩის გადადების მიზეზიც უსაფრთხოება დასახელდა. ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანის ოფიციალური გვერდი ავრცელებს, თუმცა, თუ როდის განახლდება შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ საყაიმო ანგარიში, 1-1 იყო, ჯერ-ჯერობით უცნობია.
BBC-ს ცნობით, სროლის შედეგად, ბრიუსელში ორი ადამიანია დაღუპული. ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი შვედეთის მოქალაქეები არიან. თუმცა, ბელგიური მხარე ვერ აკონკრეტებს, მოკლულები ფეხბურთს მატჩზე დასასწრებად იყვნენ ჩამოსული თუ არა. ამ ტერორისტული აქტის გამო ბელგიაში უსაფრთხოების უმაღლესი დონის განგაშია გამოცხადებული. გამოცემის თანახმად, მსროლელი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას ეძებენ. უმისამართო სროლას, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ბელგიურმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.
ამავდროულად, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, სადაც არაბულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცი აცხადებს, რომ თავდასხმა ალაჰის სახელით ჩაიდინა. ამასთან კაცი ვიდეოდან ამბობს, რომ სიცოცხლეს 3 ადამიანი გამოასალმა. ფედერალურმა პროკურორმა მედიას დაუდასტურა, რომ ვიდეო ნახა, თუმცა, ე.წ. მსროლელის ავთენტურობაში არაა დარწმუნებული. პოლიცია ვიდეოსა და სხვა კადრების გაშიფვრითაა დაკავებული.
კადრებში ჩანს, როგორ მოდის დ'იპრის ბულვარში, შემთხვევის ადგილას მამაკაცი, გადმოდის სკუტერიდან შეიარაღებული და შენობაში შედის სადაც, სავარაუდოდ პირველ ადამიანს კლავს.
CNN-ის ცნობით, თუკი აქამდე ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის მე-2 დონე იყო გათვალისწინებული, დღევანდელი საღამოს შემდეგ ის მე-4 ანუ, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ამ მომენტში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ქუჩაში პოლიცია პატრულირებს. კრიზის მოგვარებაში, ორივე ქვეყნის კრიზის ცენტრებია ჩართული.
© CNN-ის ფოტო