სამი ცვლილებით სამი ქულისთვის, სვანაძის გუნდი შვედებთან თამაშისთვის მზად არის
სამი ცვლილებით სამი ქულისთვის, სვანაძის გუნდი შვედებთან თამაშისთვის მზად არის
16.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, 21-წლამდეთა ევრო 2025-ის მორიგი სათამაშო დღეა. საქართველოს ნაკრებს, პრინციპულ და უშუალო მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება. შვედეთის ნაკრებმა, 3 თამაშის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ბათუმში მყოფმა ჩვენმა მოწინააღმდეგემ, დღეს ვარჯიში დახურა და ვერც მედიის წარმომადგენლებმა მოვახერხეთ 15-წუთით მაინც ვარჯიშის ნახვა. საქართველოს ნაკრებმა კი, ტურნირის დებულებისამებრ,  15 წუთი გახსნა.

ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შვედებთან, 17 ოქტომბრის მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. სვანაძის გუნდში არის ცვლილებები და ერთ ერთი გაბრიელ სიგუაა: „თავიდან პირველ ნაკრებთან ვიყავი, ერთ თამაშში დავეხმარე კიდევ ეროვნულს, მაგრამ შემდეგ საჭირო გახდა, რომ 21-წლამდე ნაკრებს შევერთებოდი. მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. ძალიან გვჭირდება 3 ქულა. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შვედეთის ნაკრები კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა, ჩვენც ტაქტიკურად მზად ვართ. მთავარია, ხვალ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და დანარჩენი გამოჩნდება".




ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდს, ეროვნულიდან სიგუას დამატების გარდა, გოირგი აბუაშვილის დამატებაც მოუხდა, რომელსაც ნიდერლანდებთან მატჩამდე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა, ამჯერად, ფეხბურთელი კარგად არის და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს. საწუხაროდ, გუნდს ვერ დაეხმარება ჯადული იობაშვილი, რომელმაც ბათუმი უკვე დატოვა და თბილისში გაემგზავრა ტრავმის სამკურნალოდ. როგორც ხედავთ, ოქტომბრის თამაშების წინ, სვანაძეს ის ფეხბურთელები გამოაკლდა (ჯერ გორდეზიანი შეკრებამდე და ახლა, იობაშვილი), რომლებმაც სექტემბრის თვის შეხვედრებში გოლები გაიტანეს. ამ ცვლილებების მიუხედავად, 12 ოქტომბერს, ამავე სტადიონზე დასრულებული მატჩის შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას, რამაზ სვანაძემ ყურადღება უფრო სხვა ცვლილებებზე, კერძოდ კი, სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე გაამახვილა. თუ რა გადაწყვიტა საბოლოოდ ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა, ამახ ხვალ შევიტყობთ. მანამდე კი, ქართველთა გუნდის კაპიტანმა, მატჩამდე კომენტარი გააკეთა.




„ნიდერლანდებთან საკმაოდ რთული თამაში გვგქონდა. დაგვაკლდა გულშემატკივარი. თუმცა, ჩვენც ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. კარგი გაკვეთილი იყო და იმედი გვაქვს, შემდეგ თამაშზე გამოვასწორებთ. შვედეთიც  რთული მეტოქეა და ის, ჯგუფში, ჩვენი უშუალო კონკურენტია. არის კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქართველო გულშემატკივარი გავახაროთ. ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმედია გავიმარჯვებთ და 3 ქულას ავიღებთ. მწვრთნელისგან გვაქვს, შესაბამისი დავალებები და მათ შესრულებას ხვალ, თამაშის დროს შევეცდებით", - ამბობს საბა ხვადაგიანი.


შეგახსენებთ, ხვალ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ქართველი ახალგაზრდები სავსე სტადიონიდან წამოსულ მუხტს ელიან. გუნდს, 3 ქულა ჰაერივით სჭირდება.