მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, დღეს, მიხეილ მესხზე, ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო იყო. მოგვიანებით მის შესახებ, მედიასთან ვილი სანიოლიც გაამახვილებს ყურადღებას. უფრო სწორად, ისაუბრებს თუ რამდენად გაამართლა და როგორ ხედავს მომავალში ვილი სანიოლი გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემს.
„პირველ ტაიმში „ჩაკვე", ერთ-ერთი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც სისწრაფით ცდილობდა გაემწვავებინა ჩვენი თამაში. ყოველთვის იდეალური არ იყო, მაგრამ ის ცდილობდა. პირველ ტაიმში, ვფიქრობ, „კვარა" და „ჩაკვე" ერთმანეთთან ახლოს იდგნენ და ამიტომ, კვიპროსელებს, უადვილდებოდათ ერთიანი ძალით მათი შეჩერება. მეორე ტაიმში, ცოტა შევცვალეთ და დავაშორეთ ერთმანეთს. მეორე ტაიმში ორივე გაცილებით სწორად მოქმედებდნენ და ამან შედეგი გამოიღო. ვთვლი, რომ განსხვავებულები არიან, კვარაცხელია, უფრო „საფინიშო" 20-25 მეტრისთვის იდეალური ფეხბურთელია, ჩაკვეტაძე კი, იმაშია კარგი, რომ მასზე შეგიძლია შეტევა ააწყო. „ჩაკვეს" ყოველთვის ვიძახებდი, მაშინაც კი, როცა მას არ ჰქონდა პრობლემები საკლუბო დონეზე. თავდაჯერებულობა აქვს მომატებული. ამას გარდა, იმისთვის, რომ ინგლისში ითამაშო, გჭირდება „ფიზიკა" და მიხარია, რომ ის ამ ყველაფერზე მუშაობს", - ამბობს ვილი სანიოლი.
სხვათა შორის, კვიპროსული მატჩისგან განსხვავებით თემურ ქეცბაიას გუნდს, დღეს არ უცდია, კონკრეტულად კვარაცხელიას იზოლაცია. რაც მაგალითად, ლარნაკაში თამაშის დროს, აშკარად დავალებული ჰქონდათ. „კვარას" მეურვეობდნენ, თუმცა, მსუბუქად. ამას გარდა, კვიპროსის ნაკრებმა, პირველი ტაიმის გარკვეული მონაკვეთები აშკარად ითამაშა და კარსაც შეუტია. თუმცა, მერე რა მოხდა, ამის ახსნა „ქეცბამ" ვერც მატჩის შემდეგ ვერ ახსნა, უფრო ზუსტად, კვიპროსელთა კარში 46-ე წუთზე კიტეიშვილის გასროლას დააბრალა.
„არ ვიცი პირველი ტაიმის მერე რა მოხდა, რატომ წარიმართა მეორე ტაიმში ასე ყველაფერი. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავუშვით გოლი და ამან გუნდი დაშალა. მთელი შესარჩევის განმავლობაში, პირველ 30-45 წუთს ვთამაშობთ. მერე იწყება პრობლემები. ველოდებით, რომ დასრულდება ეს კოშმარი, ეს ჯგუფი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთანაც პირველ შეხვედრაში, მეტს ვიმსახურებდით, პირველი თამაშიდან გამომდინარე. დღესაც გვქონდა მომენტები. დაგვრჩა ჯგუფში ბოლო თამაში, შემდეგ ვნახავთ რას და როგორ ვიზამთ და რას შევცვლით", - ამბობს თემურ ქეცბაია, რომლის გუნდიც, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული, რომელსაც ბუნებრივია, კვიპროსთან შედარებით უკეთესი ვითარება აქვს ჯგუფში, მაგრამ გათვლას, „ევრო 2024"-ის წილისყრისთანავე ერთა ლიგაზე აკეთებდა. ფაქტია, რომ ქეცბაიას გუნდს, სერიოზული საკადრო პრობლემაც აქვს, თუმცა, ალბათ, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ, და ამ ეტაპზე, „ქეცბას" ბედი კუნძულელებს მივანდოთ. ჩვენს დღევანდელ მოწინააღმდეგეს, რომელსაც თემურის თქმით 3-4 ფეხბურთელი აკლდა, ბევრი სხვა წვრილმანი პრობლემაც აქვს მოსაგვარებელი.
რა ვითარებაა ჩვენთან, რატომ მოგვიწია მორიგ ჯერზე, ორი განსხვავებული ტაიმის თამაში. სხვთა შორის, ამ ფაქტორზე ორივე მწვრთნელმა, ქეცბაიამაც და ვილი სანიოლიმაც გაამახვილეს ყურადღება. ვილის აზრით, „ჩვენს სათამაშო სისტემაში, ვინ რომელ ფლანგზე თამაშობს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პირველ ტაიმში ბევრი რამე ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა. ამას გარდა, კვიპროსის მარჯვენა ფლანგი სუსტი იყო. წორედ ამიტომ, მეორე ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძე უფრო მეტად უტევდა ფლანგიდან. თუმცა ფეხბურთში, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ინტენსიურობის შენარჩუნება, დაცვაში ასპარეზობა, თუ ჩვენი მოქმედება ბურთით და მის გარეშე. სწორედ ამის შემდეგ აქვთ ფეხბურთელებს მოქმედების თავისუფლება. ჭკვიანი მოთამაშეები გვყავს, ეს დეტალები სწრაფად შეამჩნიეს და შესაბამისად იმოქმედეს", - ამბობს ვილი სანიოლი. სანიოლიმ ახსნა, რატომ დააყენა სასტარტოში ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ტაილანდთან შეხვედრაში პოკერი შეასრულა, დღეს, მხოლოდ შეცვლაზე შეიყვანა. ბუდუს კვიპროსელები უნდა გაეთანგა. სანიოლი თვლის, რომ ზივზივაძემ ეს კარგად შეასრულა და სარბიელზე ჟორჟი შეუშვა, რომელმაც „შეასრულა" კიდეც. მიქაუტაძემ, 11 მეტრიანი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და ჭოგრიტით „აიაქსს" გახედა.
სხვათა შორის, უეფა-ს ვებ-გვერდზე მატჩის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებებს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით, თითქმის დარტყმების ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ, საქართველოს 12, სტუმრებს 10. აი კარის ჩარჩოში დარტყმების რაოდენობა კი, თანაბარია 5/5-ზე. გამომდინარე აქედან, ქეცბაიას გულისტკივილი, მეორე ტაიმის დასაწყისში გაშვებული გოლის გამო სრულებით გასაგებია. ამას თუ, პირველი გოლიდან 8 წუთში გიორგი ჩაკვეტაძის ჩინებული „ასისტის" შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გატანილს დავუმატებთ, მარტივი ასახსნელია რატომ ჩამოიშალა ხუხულასავით, „ქეცბას" შეკოწიწებული გუნდი. სანიოლიმ ცვლილებები გააკეთა, „კვარამ" საბოლოოდ გაილაღა და ამჯერად მისი გადაცემით, უკვე ლევან შენგელიამ გაიტანა მორიგი გოლი 82-ე წუთზე.
„ლევან შენგელია ფლანგის შემტევია, თუმცა ჩვენს სათამაშო სქემაში, მსგავსი პოზიცია არ არის. ამიტომ, ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა მისი მარცხენა ფლანგზე გამოყენება. მან მეტი უნდა იმუშაოს ფიზიკურ მონაცემებზე. მთელი ფლანგის კონტროლი ბევრ მოძრაობას მოითხოვს და ამისთვის, მზად უნდა იყო. ლევანმა ბევრი იშრომა ბოლო პერიოდში და მისი კარგი თამაში სწორედ ამის დამსახურებაა", - ამბობს სანიოლი, რომელსაც როგორც ჩანს შენგელიაზე გარკვეული გათვლები აქვს სამომავლოდ. ალბათ, მომავალში, უფრო გამოიკვეთება.
ასეა თუ ისე, დღეს, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან (რომელსაც მწვრთნელი და ასისტენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების „ყოფილები" ჰყავს), დამაჯერებელი გამარჯვება 4-0 მოიპოვა. ჩვენი ნაკრები, სატურნირო ცხრილში, 7 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჯგუფს კი, 15 ქულით შოტლანდია ლიდერობს, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, „დინამო არენაზე" უმასპინძლებს, რომელსაც გლაზგოსგან განსხვავებით, მინდვრის დრენაჟი ჩინებული აქვს.