დღეს, ქალთა ლიგის 2023 წლის გათამაშების დასკვნითი ეტაპი დასრულდა. თამაშები ჩატარდა როგორც ზედა, ასევე ქვედა ჯგუფებში.
ზედა ჯგუფი
ზედა ჯგუფში, მეორე ტურის შემდეგ, ოქროს მედლების მაძიებელთა შორის, ორხელისუფლიანობაა. „ლანჩხუთმა", ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „სამეგრელოსთან", მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგო და საჩემპიონო რბოლაში, 3-ქულიანი უპირატესობა გაანიავა. ახლა ორივე გუნდს, თანაბარი 19-19 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. დღევანდელ შეხვედრაში კი, ერთადერთი გოლი, შეხვედრის 54-ე წუთზე, ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაც აჭარაში, სადაც „ბაკურის სტადიონზე", „ბათუმმა", თბილისის „კვარტალს" უმასპინძლა. ეს გუნდები, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან. ანგარიში, თბილისელების სწრაფი გოლით მე-5 წუთზე გაიხსნა. „კვარტალი" ანგარიშში ეკა ხარაიშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის მე-2 კომპენსირებულ წუთზე, ნინო პასიკაშვილმა, მეორე გოლი გაიტანა და „კვარტალი", შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა. მეორე ტაიმში, მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა, 56-ე წუთზე მორიგი გოლი კვლავ „კვარტალმა" გაიტანა, ამჯერად, ლამარა ბაბაიანმა. ამის შემდეგ, „კვარტალს" კიდევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა, „ბათუმი", ჯერ მეკარემ, ვერონიკა გაროჟანკინამ, შემდეგ კი, მცველებმა გადაარჩინეს. ამის შემდეგ, ბათუმელებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. 68-ე წუთზე გამოცდილმა თამრიკო სალუქვაძემ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ, ეს შეხვედრა, „კვარტალის" გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
მეორე ტურის შემდეგ, ზედა ჯგუფში 19-19 ქულა აქვთ „ლანჩხუთსა" და „სამეგრელოს". 7 ქულით, მესამე ადგილზეა „კვარტალი", „ბათუმი" კი, 1 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ქვედა ჯგუფი
ქალთა ლიგის გათამაშების ყველაზე „ხანდაზმული" გუნდების თბილისურ-ქუთაისურ დერბიში, დღეს, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ნორჩმა დინამომ" იმარჯვა, 2-0. ქუთაისის „მართვეს" კარში, გოლი 39-ე წუთზე ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანა. 69-ე წუთზე კი, დიანა ბაქრაძემ მეორედ აიღო ქუთაისელთა კარი.
უხვგოლიანი გამოდგა ამ ჯგუფის მეორე დაპირისპირება ხობის „კოლხეთსა" და სოხუმის „დინამოს" შორის. ანგარიში ნატა კვირკაიამ (28', 45') გახსნა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლიც გაიფორმა. პირველ ტაიმში გაიტანა მარიამ ჩუბინიძემაც (43'). შეხვედრის ეს მონაკვეთი, მასპინძლებმა 4-0 მოიგეს. თანაბრად, ორ-ორი გოლი და საერთო ჯამში პოკერი შეასრულა გამოცდილმა თეონა თოდაძე (37, 61', 86' 90' (პ)). ხობელთაგან კიდევ ერთი გოლის ავტორი კი, მეგი გოცირიძეა (67'). საბოლოოდ, „კოლხეთმა", დიდი ანგარიშით, 8-0 მოიგო.
ამ ტურის შემდეგ, ქვედა ჯგუფში 15-15 ქულა აქვთ „ნორჩ დინამოსა" და ხობის „კოლხეთს", 8 ქულით მესამე ადგილზეა ქუთაისის „მართვე", სოხუმის „დინამოს" კი, 7 ქულა აქვს და ამ მოცემულობით, ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება.
ქალთა ლიგის მომდევნო ტური 18 ოქტომბერს არის დაგეგმილი.