თსუ-მა ბათუმი დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
თსუ-მა ბათუმი დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
14.10.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს სუპერთასის მფლობელია. ლეგენდარული ქართველი მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული თსუ-მა მეორედ მოიგო. პირველად უნივერსიტეტელებმა ეს შორეულ 2006 წელს მოახერხეს, როცა საქართველოს სუპერთასი პირველად გათამაშდა. მაშინ სტუდენტური გუნდი თსუ-ნიკორას სახელით გამოდიოდა და სუპერსათას მატჩში მოქმედი ჩემპიონი "თბილავიამშენი" დაამარცხა.


თსუ-ის გამარჯვება ახლა უფრო შთამბეჭდავი და განსაკუთრებით, დამაჯერებელი იყო. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მეტოქე ბათუმი 37 ქულის სხვაობით - 107:70 (სტატისტიკა) დაამარცხა. ბათუმი სუპერთასის მოქმედი მფლობელი იყო, თუმცა დღევანდელ მატჩში ამის გამო არ მონაწილეობდა. გაულ სეზონში საქართველოს ჩემპიონიც და თასის მფლობელიც თსუ გახდა და სუპერთასისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება ბათუმს, როგორც თასის გათამაშების ფინალისტს, ისე ერგო.


სამწუხაროდ, ბათუმმა თსუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მატჩი, რომლის საყურებლად თბილისი არენაზე ბლომად სტუდენტობა მოვიდა, დაძაბული არ აღმოჩნდა. შეუჩერებელი გახლდათ კახა ჯინჭარაძე, რომელიც თსუ-ელებმა მას შემდეგ დაიმატეს, რაც FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს. ჯინჭარაძემ საბოლოოდ 49 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 13 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც ბოლო წლების რეკორდია.


პირველი პერიოდი თსუ-მა 28:11 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 55:24 იგებდა და როცა ამ ლიდერობას კიდევ 10 ქულა წაამატა, ბოლო პერიოდის წინ სხვაობამ 41 ქულას მიაღწია. ბოლო პერიოდში თსუ-მ მოედანზე სათადარიგოებს უხმო. თამაშის ბედი მის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა.


მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, კახა ჯინჭარაძე დასახელდა, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზით სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა. თსუ-ს კაპიტანს, ნოდარ გოგოძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, ვეტერანმა კალათბურთელმა და მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.