ჟორჟის მასაჟი ტაილანდელებისთვის მიხეილ მესხზე
ჟორჟის მასაჟი ტაილანდელებისთვის მიხეილ მესხზე
12.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა განწყობა გამოისწორა, ნიდერლანდებში დაჩაგრულმა გიორგი მიქაუტაძემ კი, გაილაღა. საკლუბო დონეზე, გოლების გატანის შანს მოკლებულმა, ჟორჟმა დღეს საქართველოსა და ტაილანდის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაში პირველ ტაიმში, ჰეთ-თრიქი შეასრულა. გოლები კი, 24-ე, საბა ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ, 37-ე, ანრი მექვაბიშვილის ასისტენტობით კი, 41-ე წუთებზე გაიტანა. უკვე მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე პოკერიც შეასრულა, ზუსტი 11-მეტრიანით და თამაშის შემდეგაც, ბურთი, სტადიონიდან დამსახურებულად წაიღო სახლში.

ანგარიში კი, ამ შეხვედრაში მე-9 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. უკვე მე-12 წუთზე ლუკა ლოჩოშვილის გოლით, რომელიც სექტემბრის  გამოტოვებული სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, კვლავ დააბრუნა ვილიმ გუნდში, ჩვენი ნაკრები უკვე 2-0-ს იგებდა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ეს ტაიმი 6-0 მოიგო, ბოლო გოლი კი, მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ,  ისვე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულის თავკაცმა, მეორე ტაიმში, ოქროს ჯოკერიც, ხვიჩა კვარაცხელიაც შემოუშვა მინდორზე და მატჩს  წერტილი, 66-ე წუთზე, სანდრო ალთუნაშვილის პარტნიორობით „კვარამაც" დაუსვა, პირადად მე, გიორგი ჩაკვეტაძის გოლო დამაკლდა ამ თაიგულში, რომელშიც, საქართველოს ნაკრებმა, ანგარიშით 8-0 გაიმარჯვა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს კარგ „მასაჟორზე" გავლილი ხვდება.  კვიპროსის თემას, უკვე ხვალიდან დავუბრუნდებით. მანამდე კი, დღევანდელი სპარინგის ანგარიშიდან მიღებული სიამოვნება შევირგოთ და უკვე, ხვალიდან, მედიაც, ერიც, ბერიც და გუნდიც, მშვიდ გონებაზე ოფიციალური მატჩის ტალღაზე გადავერთოთ, რადგან კვიპროსზე, გამარჯვებას საკმაოდ რთულად მივაღწიეთ და თემური და მისი გუნდი, საქართველოში, „ელარჯის გასაწელად" არ ჩამოდიან.


მატჩის სრული სტატისტიკა და შემადგენლობა იხილეთ ბმულზე.



სფფ-ს ფოტოები: დიმა ნებიერიძე / ლაშა კუპრაშვილი