საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ბუდუ ზივზივაძემ უპასუხა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "თითქმის სამი წელია საქართველოში ვარ და ეროვნული გუნდის კარი ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს გავუღეთ. ნაკრებში მოხვედრა ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, რომელიც მაღალ დონეზე ასპარეზობს, მიუხედავად იმისა, თუ სად თამაშობს. ტაილანდთან შეხვედრაში, ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშიათ ეროვნულ ნაკრებში, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემათ. მაგალითად, შენგელიას და სიგუას, რომლებიც ადრეც იყვნენ სანაკრებო სიაში. ყოველთვის გვჭირდება დახმარება და სიახლე გუნდში. მათ შორის, ახალი ფეხბურთელების დამატებით და იმ მოთამაშეების ჩართულობით, რომლებიც დიდ დროს არ ატარებდნენ მოედანზე.
ალექსანდრე კალანდაძე გუნდს კარგად შეეწყო. ახალგაზრდები მრავლად გვყავს შემადგენლობაში და ბევრთან აქამდეც უთამაშია. ვფიქრობ, ნორვეგიაში მისი სანაკრებო დებიუტი წარმატებული იყო. მომეწონა მისი თამაში. გამოავლინა ხასიათი, დისციპლინა და ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდში კარგი დასაწყისი ჰქონდა.
გაბრიელ სიგუა ბოლო პერიოდში სწრაფად პროგრესირებს. სამწუხაროდ, ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ტრავმა მიიღო, რამაც მისი წინსვლა მცირედით შეაფერხა, თუმცა ახლა ის დაბრუნდა, კლუბშიც ჰქონდა გარკვეული სათამაშო დრო. ის აუცილებლად ითამაშებს ხვალ და მიიღებს დროს, რათა საკუთარი პროგრესი უკვე მოედანზე დაგვანახოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. სიგუას მსგავსად, პროგრესი აქვს სანდრო ალთუნაშვილს, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ავსტრიაში გადასვლის შემდეგ. იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ, რომელიც უოტფორდში კარგად გამოიყურება. შრომობს და სწორედ ამიტომ გამოსდის ბევრი რამ მოედანზე. ბედნიერი ვარ, რადგან ფეხბურთელებს, რომლებთანაც უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობთ, პოზიტიური ცვლილებები აქვთ.
მამარდაშვილი ჩვენი გუნდის პირველი ნომერია, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს. ის წლების განმავლობაში პირველი ნომერი იყო და ახლა მისთვის იოლი არ არის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. თუმცა, ლორია ბევრს შრომობს, უზიარებს გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს. მეკარის პოზიციაზე როტაცია ნორმალურია, რადგან გიორგი ლორიამ მიიღოს ის დრო, რომელსაც იმსახურებს.
ოფიციალური მატჩის წინ, ამხანაგურ შეხვედრას მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ტაილანდის ნაკრები საინტერესო და ძალიან ტექნიკური გუნდია. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა, თამაშში ორგანიზაციის მხრივ გარკვეული შეცდომები აქვთ. მიუხედავად ამისა, კარგი გუნდია, რომელიც მაღალ დონეზე ითამაშებს, თუ ამის საშუალებას მივცემთ. ამიტომ, ხვალინდელ შეხვედრაში, ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ უნდა მისცენ.
ფეხბურთში ხშირად კარგ მონაკვეთს ცუდი პერიოდი ცვლის. მთავარია, ფოკუსირებული იყო მიზანზე და იშრომო შედეგის მისაღწევად. ჩვენი მთავარი მიზანი მარტის თამაშია და თუ გვინდა, რომ მზად ვიყოთ, უნდა გავიაროთ მონაკვეთები, როდესაც იქნება ცვლილებები. მოვლენ ახალი მოთამაშეები, ზოგი ფეხბურთელი დროებით არ იქნება ჩვენთან ერთად, თუმცა შემდეგ დაბრუნდებიან, რათა მზად ვიყოთ და მარტს ძლიერები შევხვდეთ.
საქართველოში საკმაოდ დიდ დროს ვატარებ, ხალხთან საუბრისას ყოველთვის ვგრძნობ, რომ მათ საკუთარი ნაკრების სჯერათ, ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. მთავარი მატჩები მარტში გველის, სწორედ ამ მიზნის გარშემო ვერთიანდებით ყველა".
ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "მართალია, კარლსრუეში ბევრი სათამაშო დრო არ მაქვს, თუმცა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ის წუთები, რაც მეძლევა. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ კლუბში. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი შეიცვლება. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვთამაშობ კლუბში, ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები. მინდა მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის. არ მოვდუნდები და ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ სამწვრთნელო შტაბის ეს ნდობა გავამართლო.
ტაილანდის ნაკრები არ არის სუსტი მეტოქე. მობილური გუნდია და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ნაკრებში ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ ლაღი, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ამიტომ, ხვალ გულშემატკივარი კარგ თამაშს იხილავს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მიუხედავად ანგარიშისა და ამინდისა, ესპანეთთან 90 წუთის განმავლობაში გვქომაგობდნენ და ნორვეგიაშიც ჩვენთან ერთად იყვნენ. გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთს აზრი არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ".
საქართველოს და ტაილანდის ნაკრებების შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.