ხასიათი, მენტალური მხარე და ჯაჭვი, რომელიც თაობებს შორის არ უნდა გაწყდეს
ხასიათი, მენტალური მხარე და ჯაჭვი, რომელიც თაობებს შორის არ უნდა გაწყდეს
11.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, აჭარაბეთ არენაზე, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩამდე, რომელსაც ხვალ, 18:00 საათზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს, ბოლოჯერ ივარჯიშ. რამაზ სვანაძის გუნდში, შეკრების დაწყებამდე ცვლილებები გახდა საჭირო. ბერძნული „პაოკის" ფორვარდმა, ვასილიოს გორდეზიანი, შეკრების დაწყებამდე ტრავმა მიიღო. ალბათ, ვინც, ახალი ფორმაციის 21-წლამდე ნაკრების სექტემბრის თამაშებს მიადევნა თვალი, აშკარა იყო, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მინდორზე სწორედ გორდეზიანი იყო, რომელმაც ქუთაისში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა.

„მისი ტრავმა არ არის მარტივი. კუნთია დაზიანებული და რეაბილიტაციას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება, აქედან გამომდინარე უახლოეს თამაშებში ის ვერ გვეხმარება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ის, მომავალ შეკრებაზე უკვე ჩვენთან ერთად იყოს",  - ამბობს რამაზ სვანაძე დღეს, „აჭარაბეთ არენაზე" გამართულ პრეს-კონფერენციაზე.




სხვათა შორის ტრავმის შემდეგ, ამჯერად, რამაზ სვანაძის გუნდის ღირსებას დაიცავს ლუკა გაგნიძე, რომელიც 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამ ორი ცვლილების გარდა, წინა შეკრებისგან განსხვავებით გუნდში კიდევ რამდენიმე განხორციელდა. მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში ავიდა სათამაშოდ გაბრიელ სიგუა, რომელიც შეგახსენებთ, ქუთაისში, პირველი ტაიმის შემდეგ, ტრავმის გამო შეცვალეს და ამავე მიზეზით გაბრიელმა არ ითამაშა, სექტემბრის ფანჯრის მეორე შეხვედრაც. ახლა კი, სიგუა კვლავ მთავარ ნაკრებშია გამოძახებული.


„ბუნებრივია, სიგუასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კონსულტაცია. პირადად მე, ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენს ხელში გამოვლილი ძალიან ბევრი ფეხბურთელი, დღეს, ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. ჩვენი ძირითადი ამოცანაც ისაა, რომ იყოს უწყვეტი ჯაჭვი, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს შორის", - ამბობს სვანაძე.



საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ და სხვა ცვლილებებს, შემდეგი გარემოებებით ხსნის. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდში მიმდინარეობს ახალი სელექცია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რადგან არის პოზიციები, სადაც ქართველთა გუნდის სამწვრთნელო შტაბს, ჯერ-ჯერობით, რამდენიმე პოზიციაზე არ ჰყავს კონკრეტული მოთამაშეები საბოლოოდ შერჩეული. სვანაძემ დღეს, მომავალ შეკრებებზეც ახალი სახეების გამოჩენა, 21-წლამდეთა ნაკრებში არ გამორიცხა.


რამაზ სვანაძის გუნდმა, ოქტომბრის თვის სანაკრებო თამაშებისთვის შეკრება 9 ოქტომბრიდან დაიწყო. გუნდს, მოგვიანებით, გიორგი კვერნაძე, ლუკა გაგნიძე და ზურაბ რუხაძე შეუერთდნენ. რამდენად მოასწრეს ჩვენი ახალგაზრდულის წევრებმა ადაპტაცია ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.




 „ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩვენ ფაქტობრივად, შეკრების გარეშე მოგვიწია ოფიციალური შეხვედრების ჩატარება. ამიტომ, ფეხბურთელები, რომლებიც არიან ჩვენი ინტერესის სფეროში, ეტაპობრივად ჩაენაცვლებიან, მათ, ვისაც ამ ასაკობრივ ნაკრებში უკვე აღარ უწევს თამაში. სანაკრებო თამაში, ბუნებრივია ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის იმ შეხვედრას ნიდერლანდების ნაკრებთან სრულიად განსხვავებული იყო. ორი ურთულესი შეხვედრა გვქონდა ჩატარებული პორტუგალიასთან და ბელგიასთან და ნიდერლანდებთან ჩამოკიდებული ჩვენი ბედი, წარუმატებელი თამაშით, შესაძლოა ჯგუფში ჩავრჩენილიყავით. ეს მწვრთნელებსაც, მთლიანად სტაფსაც და ფეხბურთელებსაც გათავისებული ჰქონდათ.  რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ბუნებრივია ორივე გუნდში არის ცვლილებები, მაგრამ თამაშის შინაარსი იგივეა, წარმოვაჩინოთ თავი. რაც შეეხება მიზნებს, უცვლელია, დავაფიქსიროთ მაქსიმალური შედეგი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გვაქვს თამაში. არსებობს მოწინააღმდეგის სირთულე, მაგრამ ჩვენ სირთულეების არ გვეშინია, ეს გათავისებული გვაქვს. პირველ რიგში ეს არის ხასიათი, ეს არის გუნდის მოთამაშეების მენტალური მხარე", - ამბობს სვანაძე.




განსხვავებული შემადგენლობით, თუმცა, იმავე მიზნით, დაიკავოს ჯგუფში პირველი ადგილი, მითუმეტეს, რომ ამ მომენტში, სწორედ ნიდერლანდებია საქართველოსთან ერთად 6-6 ქულით ჯგუფის ლიდერი, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ბოლომდე ბრძოლას შეეცდება. იმედი გვაქვს, მათ ამაში ხელს, ისევე შეუშლის სავსე ბათუმის აჭარაბეთ არენა, როგორც ეს თავის დროზე „დინამო არენაზე" მოსულა, რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარმა მოახერხა. მატჩზე დასასწრები ონლაინ ბილეთები გაყიდვაშია და მათი ფასი 10 ლარიდან იწყება.


საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულნი არიან:


მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი").


მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი"), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო" ქუთაისი), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), მუხრან ბაგრატიონი („დინამო" ბათუმი), საბა მამაცაშვილი („გაგრა"), ზურაბ რუხაძე („მეტა", ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი"), გეგი გეგუჩაძე („ლოკომოტივი" თბილისი).


ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი"), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო"), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო"), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი"), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე", ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი 1913", ფოთი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი, რუსეთი).


თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი").




სპეციალურად ბათუმიდან