ქართულ სოციალურ ქსელში ატეხილი აურზაურის ფონზე, სადაც მედიაც და გულშემატკივარიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადავადებულ და გაუცემელ კითხვებზე ითხოვდა პასუხებს, ამასთან ზოგი კატეგორიულად მის გაშვებას მოითხოვდა, დღეს სასტუმრო „პულმანში" პირადად მე, ვერ დავინახე. პირველად ვილი სანიოლისთან შეხვედრას მედიასთან, ალბათ, ყველაზე ერთგული საფეხბურთო ჟურნალისტები დაესწრნენ (რამდენიმე კი მაკლდა თვალში), ისინი ვისაც რეალურად ფეხბურთზე ეთქმით, შეხვედრა კი, საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა. ბუნებრივია, კითხვები დაისვა, მათ შორის გადავადებულებიც. შესაძლოა, რესპოდენტებისთვის უსიამოვნოც. საქართველოს ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა და სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდე იაშვილმაც, მათ მაქსიმალურად უპასუხეს. თუმცა, მედიის ის, კატეგორიული ნაწილი, რომელიც რადიკალურ აზრზე იყო, დღეს პრეს-კონფერენციაზე, უბრალოდ არ მოვიდა.
რატომ წავაგეთ ესპანეთთან 1-7. ეს თემა, ძალიან ბევრ ჟურნალისტს, მათ შორის მათ, ვინც სტადიონებისკენ მიმავალ გზასაც კი, ძნელად გაიგნებს, როგორც თემა, „სატოპკეს" გახადეს, დღეს, უბრალოდ არ მოვიდნენ იქ, სადაც დაგროვებული კითხვების დასმა და „გულის გადაშალა" შეეძლოთ. დღეს, როგორც აღვნიშნეთ, ისინი, არც პრეს-კონფერენციაზე ყოფილან და ვილისაც, კითხვები და მათ შორის, ესპანეთთან ჩაგებულ თამაშთან დაკავშირებით, მედიის იმ ნაწილმა დაუსვა, ვინც, მისაღებ თუ მიუღებელ სიმწვავეს, ისედაც არ აკლებს ხოლმე არც ნაკრების მწვრთნელს, არც ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას.
„ალბათ, ესპანეთთან სამი მცველით უნდა გვეთამაშა, თუმცა, ჩავთვალეთ, რომ ცვლილებებისთვის მზად ვიყავით. პასუხისმგებლობის არ მეშინია, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, ჩემი ბრალია, მომდევნო თამაშში, ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით, ბევრად უკეთ ვთამაშობ", - ამბობს ვილის სანიოლი, რომელიც ესპანეთის თემას, დღეს კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდა. „არ მინდა შევადარო ერთა ლიგის ფეი-ოფის თამაშები, წინას. ვერ ვიტყვი, მაშინ გუნდში რა სიტუაცია იყო. თუ თვლით, რომ ნაკრებში რეგრესია, ეს, თქვენი აზრია, რადგან ჩვენ ასე არ ვთვლით. როდესაც ერთა ლიგაში კარგად თამაშობ და მერე ესპანეთთან აგებ 1-7, რეგრესია? მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ახალს, გვინდა რომ გუნდში, გრძელვადიანი სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ფეხბურთი, ფეხბურთია. როდესაც ვიგებთ, ყველა კმაყოფილია და როდესაც ვაგებთ პირიქით?"
მარტში საქართველოს ნაკრებს არ ექნება ახალი მოთამაშეების ნახვის საშუალება. შესაბამისად, უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით არსებული შესაძლებლობა - სანაკრებო ფანჯარა, ბევრისთვის „ეგზოტიკურ" (შესაბამისად, არაფრის მომცემ) ტაილანდთან (და აქ, ალბათ ბევრმა, იმ მაროკოსთან თამაში იგულისხმა, რომელმაც მსოფლიოს წინ ჯერ ჩვენ მოგვიგო და შემდეგ, მუნდიალზე, ნახევარი დუნია „ათრია", დანარჩენმა კი, ბათუმში მონღოლეთის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა იგულისხმა), საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს გამოიყენოს. ისევე, როგორც ევრო 2024-ის დარჩენილი სამი შესარჩევი შეხვედრა. სანიოლის აზრით, 2023 წელს ჩასატარებელმა თამაშებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თავდაჯერებულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება უნდა დაუბრუნოს.
„არ ვეთანხმები თქვენს მიმოხილვას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვა სუსტია, თუ გოლები გადის. თანამედროვე ფეხბურთში, თუ პრობლემა გაქვს დაცვაში, არ ნიშნავს რომ ეს, მხოლოდ დაცვის ხაზის მიზეზით ხდება. თუკი, შემტევი დაცვაში თამაშის დროს მის ფუნქციას ვერ ასრულებს, ან თუ ნახევარდაცვა ჩავარდა, ეს, მთლიანად გუნდის პრობლემაა.
თამაშის ანალიზის შემდეგ, ხდება, რომ რომელიმე მოთამაშე არ მაკმაყოფილებს. ის, მომდევნო შეხვედრას, აღარ თამაშობს. ზოგჯერ, მოდის ახალი, როგორც გელაშვილი. სამწუხაროდ, საზონოვი ტრავმირებულია. თუკი, ეროვნულ ნაკრებში გინდა თამაში უნდა შეინარჩუნო სათამაშო ხარისხი, წარმოაჩინო თავი. გელაშვილს არ უთამაშია ეროვნულში, არ თამაშობს არც ევროპის რომელიმე მაღალ ლიგაში. ზოგჯერ, ტაილანდის დონის გუნდთან თამაში, მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს. როდესაც გუნდს წვრთნი, შენ ჭადრაკს არ თამაშობ და არც მათემატიკის დავალებას ასრულებ. რაც აქ ვარ, ვცდილობ, საქართველოს, სხვა ნაკრებებს ვადარებ და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო, ბოლო 3 წლის მანძილზე, ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება მისცა. ჩემი კარი ღიაა, თუ ის კარგად თამაშობს კლუბში, შეგიძლია აქ მოსვლა და თავის ჩვენება. თუ კლუბში არ გამოგდის, ესე იგი ის, მეც არ მომწონს. ესპანეთთან, როდესაც აგებთ შეგიძლია თქვა, რომ ეს სირცხვილია და როდესაც ბულგარეთთან გაგაქვს გოლები, მაშინ მაგარია? ამის ახსნა არ შემიძლია, ეს გლობალურია, ყველა ვუტევთ და ყველა ვიცავთ," - ამბობს სანიოლი.
ალბათ, მედიის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ყველა პრობლემის მიუხედავად, რომელიც ბოლო თამაშებიდან გუნდში გამოიკვეთა, მხოლოდ დაცვის ხაზის მოთამაშეებზე ჯოხის გადატეხვა და განტევების ვაცად გამოყვანა არაა მართალი. საკითხი პრობლემურია, შეიძლება ცოტა მენტალურიც (კონკრეტულ პიროვნებებთან, სხვადასხვა მიზეზით) და ის, რომ „ძველები" თუნდაც, სკამზე დავსვათ და ახალი სისხლი მოვიყვანოთ, ცოტა გადამეტებულად მეჩვენება. პირადად მე. თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ჯაბა კანაკავას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, კონკრეტული რგოლი ბოლომდე ვერ დალაგდა. რაც შეეხება მცველებს და კონკრეტულ გვარებს, რომებმაც დღეს პრესკონფერენციაზე გაიჟღერა. აქ, სანიოლის რამდენიმე მოსაზრებას გთავაზობთ:
„ივა გელაშვილის იმედი გვაქვს, რადგან დაგვანახა, რამდენად კარგად შეუძლია თავის წარმოჩენა. 21-წლამდეთა ჩემპიონატი, მან საკმაოდ ძლიერად ჩაატარა. ის, „სპეციაში", სერია B-ში, რომელიც საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია. ახლა, ამ თამაშში (ალბათ, ძირითადად მაინც, ტაილანდთან შეხვედრა იგულისხმება) გვაინტერესებს, თუ სად გამოგვადგება. შევეცდებით, ის მისთვის სასურველ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოვსინჯოთ.
გიორგი გოჩოლეიშვილი - რატო გგონიათ, რომ ის დასჯილია? ასე, რომ იყოს, ეს სხვანაირად აისახებოდა. ვეცადოთ, ვიყოთ რეალისტურები. ამ შეკითხვით, მიმანიშნებთ, რომ „ლობჟანა" არ უნდა იყოს ნაკრებში? ის უნდა დარჩეს სახლში? სათქმელად, შეიძლება მარტივი იყოს, რომ გვინდა ნაკრებში 7 ვინგერი, 25 თავდამსხმელი, მაგრამ ასე ხომ ვერ ვითამაშებთ? ყოველივე ეს, სათქმელად მარტივია. რატომ არის ის და ეს, რატომ არა. „გოჩო", თუ სწორად მახსოვს, შარშან, დაახლოებით ამ დროს გამოჩნდა ჩვენთან, მაროკოს წინააღმდეგ თამაშში. იმ ნოემბრიდან მოყოლებული აქ არის. ესე იგი, მე მას ვენდობი, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო დონეზე გვიწევს თამაში. გოჩოლეიშვილს, კონკრეტულად, ნორვეგიასთან და ესპანეთთან ექვს გაშვებულ გოლში მიუძღვის „წვლილი". იქნებ, ამ ეტაპზე, სხვამ უკეთესად გაართვას თავი, სხვაც მინდა მოვსინჯო. რეალურად, მისმა გუნდმა, „შახტარმა" ითამაშა ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ „გოჩო" სკამზე იჯდა. ის პირველი წელია უცხოეთშია და ნამდვილად სჭირდება ადაპტაცია. რა თქმა უნდა, მას ვენდობი და ის, დაბრუნდება მომავალში, მაგრამ ამისთვის უნდა კვალიფიკაცია. რა გინდათ ვთქვა? გუნდში არ ითამაშებს და მაინც დავუძახებ? ნაკრების კარი „გოჩოსთვის" ღიაა, ის არ არის დასჯილი. იცით, ჩემი პოზიციიდანაც უნდა დაინახოთ რაღაცეები. მინდა, ლოიალური ვიყო და ეს, არ არის პიროვნებებთან კავშირში, ყოველივე გუნდისთვის არის გათვლილი.
ბუდუ ზივზივაძის მაგალითი - კონკრეტული ფეხბურთელის გამოძახება, არ ეფუძნება ყოველთვის ერთნაირ პრინციპს. მაგალითად, ზივზივაძეს მოვიყვან, რომელსაც, ბევრი თამაში არ უწევს კლუბში, მაგრამ ნაკრებში ვიძახებთ, რადგან ბოლო 2 წელში გუნდისთვის ბევრი კარგი გააკეთა. ის, სწორი მენტალიტეტის ფეხბურთელია".
რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის ორ შეხვედრას გამართავს, ამხანაგურს ტაილანდთან და შემდეგ, ოფიციალურს თემურ ქეცბაიას კვიპროსთან, რომელსაც პირველი შეხვედრა ლარნაკაში კი, მოვიგეთ, მაგრამ საკმაოდ მძიმედ ვითამაშეთ. ალბათ, შოტლანდიაში წაგებული თამაშის მერე, ჩვენი ნაკრებისთვის ღირებული ერთა ლიგის გათამაშება გამოიკვეთა, შესაბამისად, სამწვრთნელო შტაბმაც, აქცენტი 2024 წლის მარტზე გააკეთა. ამ გარემოებას დღეს, სანიოლის გარდა, ალექსანდრე იაშვილიც შეეხო. ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთის სათავეებში მდგომნი, აქცენტს დღეს, ევროპისკენ მიმავალ ამ „მოკლე" გზაზე აკეთებენ.
„არ მახსენდება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრებში ათმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, საიდანაც რვა მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის საჭირო და აუცილებელია. ცხადია, განვლილი მატჩები არც ჩვენ მოგვეწონა და ეს, ერთიანობით და სწორი მუშაობით უნდა გამოვასწოროთ. თვითკრიტიკულები ვართ, პასუხისმგებლობას არც ფეხბურთელის კარიერის დროს გავურბოდი და ამას, არც ახლა ვაპირებ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია. სწორმა ანალიზმა და ერთიანობამ მიგვიყვანა წარმატებამდე ერთა ლიგაზე და ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი წარმატებას მიაღწევს", - ამბობს იაშვილი.
და ბოლოს, ალბათ, რითაც სტატია დავიწყეთ. გემახსოვრებათ, რომ ესპანეთთან მარცხის შემდეგ, მავანმა, გუნდიდან, ვილი სანიოლის გაშვება მოითხოვა. დღეს, ჩემი კოლეგებიდან ერთმა, მას კვალიფიკაცია დაუწუნა.
„ჩემი ნაკლები გამოცდილება? ძალიან მაღალ დონეზე, როგორც მწვრთნელს არ მიმუშავია, არ ვყოფილვარ „მანჩესტერ სიტიში", „ბარსელონაში", „ბაიერნში", ან საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელად, მაგრამ ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი. ფეხბურთელის გამოცდილებიდან გამომდინარე, საქმეში ძალიან ბევრი რამ გამოვიყენე, რაც სამწვრთნელო კარიერაში ბევრ რამეში მადგება", - ამბობს ვილი სანიოლი.
მოკლედ, მოთამაშეებისთვის ღია კარით და სამომავლოდ ბევრი სიახლით, სანიოლის გუნდმა დღეიდან შეკრება დაიწყო. საქართველოს ეროვნული ოქტომბერში ორ შეხვედრას გამართავს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე ჩვენი ნაკრები ტაილანდ დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე კი, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს. ორი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.