საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შესარჩევზე გამოსვლა სომხებთან ყაიმით დაასრულა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შესარჩევზე გამოსვლა სომხებთან ყაიმით დაასრულა
09.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის შესარჩევ ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. კოსოვოში, სალომე ხუბულურის ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა, დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან 5-0, წააგო მასპინძელ კოსოვოსთან 2-0 და ბოლო მატჩში, სომხეთის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ ფრედ, 2-2 ითამაშა.


დღეს, პოდუიევოში, ზაჰირ პაიაზიტის სტადიონზე სომხებთან მატჩში ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი თაკო ბულიამ გაიტანა. კიდევ 4 წუთში, მარიამ მამფორიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ქართველმა გოგონებმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და შესვენებაზე სომხებთან საყაიმო ანგარიშით, 2-2 გავიდნენ. ანგარიში მეორე ტაიმში აღარ შეცვლილა.


შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის მიხედვით, A ლიგაში, B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდებიან. კოსოვოში დასრულებული ეტაპის შემდეგ, ჯგუფში პირველი ადგილი კოსოვომ დაიკავა 7 ქულით, მეორეზე კი, ჩრდ. მაკედონია გავიდა 6 ქულით. საქართველოს ნაკრებმა კი, მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

 



ფოტო: © ffk-kosova