საქართველოს ნაკრების ჰაერივით საჭირო 3 ქულა
საქართველოს ნაკრების ჰაერივით საჭირო 3 ქულა
07.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მესამე შეხვედრა გამართა, მეორე სახლში და ისიც, მოიგო. ფინეთის წინააღმდეგ, ქართულ გუნდს იმ ხმაურის ფონზე მოუწია თამაში, რომელიც საერთაშორისო მედიამ, პორტუგალიელების საჩივარს (ქართულ გუნდში ბევრ ნატურალიზებულ მოთამაშესთან დაკავშირებით) მოაყოლა. შესაძლოა ამიტომ, შეხვედრის სასტარტო მონაკვეთში, თუმცა, მთლიანად პირველ ტაიმშიც, ავთანდილ ასათიანის ნაკრებს, ოდნავი დაძაბულობა ემჩნეოდა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, გოლამდე საქართველოს ნაკრებს 8'45'' დასჭირდა. ანგარიში ბინიოს გადაცემით სიმი საიოტიმ გახსნა. მალევე, ქართული გუნდის აქტიურობას ფინელთა კართან, სტუმრების ავტოგოლი მოჰყვა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 20'56'' უკვე გოლი თავად ბინიომაც გაიტანა, რომელმაც მანამდე რამდენჯერმე მოუსინჯა ფინელებს პირი. ალბათ, ამ ტაიმიდან კიდევ რაც დაგვამახსოვრდა, სტუმართა სახიფათო დარტყმულები ზვიად კუპატაძის კარში და ჩვენი გამოცდილი მეკარის კარგი თამაში და მშრალად შენახული კარი.

„მძიმე ბრძოლა რომ გველოდა, ამას საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდეც ვამბობდი. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ თამაშს. ეს სამი ქულა ჰაერივით საჭირო იყო. დადასტურდა, რომ რთული თამაში იყო. ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ვფიქრობ, დაიმსახურეს ჩემმა ბიჭებმა გამარჯვება და მადლობა მინდა გადავუხადო. 110 პროცენტით დაიხარჯნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 ქულას ვერ მოვიპოვებდით.


ახლა, ფინეთთან საპასუხო თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ამაზე რთული თამაში გველოდება და როგორც ვიცი, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ თბილისში მარტო არ ვიგებთ. ჩვენი გულშემატკივარი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ფინეთში ჩვენთან ერთად არ იქნებიან, თუმცა ვეცდებით, რომ იქიდან გავახაროთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.


მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები, უფრო დამშვიდებული გამოვიდა და შეიძლება ითქვას, მთლიანად გააკონტროლა თამაში. თუ არ ჩავთვლით, 32'31'' წუთზე ჩვენს კარში გასული გოლის მომენტს. თუმცა, ამ მომენტიდან მალევე, ასათიანის გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა ჯერ, ბინიომ ფინელთა კართან არეულობისას კარგად ითამაშა თავით და დუბლი გაიფორმა, შემდეგ კი, ზედმეტი მოთამაშის გათამაშებისას, უმეკარეოდ დარჩენილ ფინელებს გოლი ზვიად კუპატაძემაც გაუტანა საკუთარი საჯარიმოდა. სხვათა შორის, ჩვენს ნაკრებს მსგავს მომენტში, მინიმუმ ორჯერ შეეძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა, ბურთი მცირე მანძილით სცდებოდა კარს. შეხვედრის მიწურულს ფინელებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. შეხვედრა კი, ჩვენი ნაკრების გამარჯვებით, 5-2 დასრულდა.


„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს გამარჯვება. ფინეთი ძლიერი მეტოქეა და არ მეგონა, თუ ასეთი ანგარიშით დავამარცხებდით. გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები, დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშეთ. აღსანიშნავია ჩვენი მეკარის კარგი თამაში. ვეცდებით, რომ ფინეთშიც მოვიპოვოთ 3 ქულა და გავაგრძელოთ ჩვენი გზა მსოფლიო ჩემპიონატზე", - ამბობს შოთა თოფურია მატჩის დასრულების შემდეგ.


დღეს, საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: ზვიად კუპატაძე, შაგინია, ბინიო, ბრუნო გომესი, სიმი საიოტი. საერთო ჯამში, ასათიანს დღევანდელ თამაშის განაცხადში, 7 ქართველი ფეხბურთელი და 6 ნატურალიზებული ჰყავდა შეყვანილი. დღევანდელ მატჩში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაბრუნდა ელისანდრო, ტრავმების გამო კი, დღეს, გუნდთან ერთად არ იყვნენ თალესი, რონინიო და ირაკლი თოდუა.


მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს, კვლავ ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, უკვე გასვლაზე, ქალაქ ტურკუში გამართავს.