რა სტანჯავს პორტუგალიას, „სამართლიანობა“ თუ შიში, თბილისში ჩამოსვლამდე
რა სტანჯავს პორტუგალიას, „სამართლიანობა“ თუ შიში, თბილისში ჩამოსვლამდე
07.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ეროვნული ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელები, ფინეთთან, მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში სათამაშოდ, მოედანზე საქართველოს დროშებით გამოვიდნენ. ეს იყო, გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება და პასუხი, იმ ხმაურზე, რომელიც უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა უეფა-ში განხილვის აქტუალური საკითხია. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის დაწყების შემდეგ, პორტუგალიამ საქართველოს ნაკრებში, ფინეთმა კი, სომხეთის ნაკრებში „მეტობაში" მყოფი ნატურალიზებული ფეხბურთელების არსებობა გაასაჩივრა. როგორც ჩანს, ჩვენს შემთხვევაში, პორტუგალიელები საქართველოს ნაკრების მიერ, სექტემბრის თვის მეორე სათამაშო დღეს, ჩატარებულმა მეორე ტაიმმა დააფიქრა. ამას გარდა, ალბათ, მართალია არა ფუტსალთან კავშირში, მაგრამ თბილისში, 2023 წელს უეფა-ს ევროზე განცდილი მარცხი, საქართველოს ნაკრებთან ჯერ კიდევ გველის ნაკბენივით ახსოვთ პორტუგალიელებს. ჰოდა, რატომაც არა? როგორც ჩანს გადაწყვიტეს, საქმე თავშივე ჩაკლან და ახლა, უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტი, პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპულ ფუტსალში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის ემზადება, რაც ნატურალიზებული ფეხბურთელების წესის გამკაცრებას გულისხმობს. ამას გარდა,  მომჩივნები, ორივე თამაშში საქართველოს და სომხეთს 0-5 წაგების გამოცხადებას ითხოვენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, დღეს თამაშის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ჩაწერილ კომენტარს ავრცელებს.




„ძალიან არასასიამოვნოა ის გარემოება, რაც ჩვენი ნაკრების გარშემო შეიქმნა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრეა მიღებული. ყველაფერს გავაკეთებთ ვითარებაში გასარკვევად. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ გუნდს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი დასძლია.


ამ გუნდის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან და გუნდს ხელი უნდა შევუწყოთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გამოვიყენოთ. მარტო ჩვენ არ გვყავს ნაკრები, სადაც ნატურალიზებული ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, საქართველოს ნაკრები და ჩვენი ჯგუფი არ უნდა იყოს გამონაკლისი, ყველამ თანაბარ პირობებში უნდა ვითამაშოთ. ფედერაცია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჩვენს გუნდს მსოფლიოზე მოხვედრის შანსი მიეცეს.


აქ საუბარი სამომავლო პერსპექტივაზეა, როგორი გზით მოუწევს სიარული ფუტსალს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ჩვენს კონტინენტზე მინიმუმ 10 ნაკრებია, რომელსაც ნატურალიზებული მოთამაშეები ჰყავს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უეფა-ს შესაბამისი კომიტეტი მიიღებს. უკვე შეგვპირდნენ, რომ ფუტსალის კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. იქ იქნება ყველა ქვეყანა, რომელსაც ნატურალიზებული ფეხბურთელები ჰყავს", - ამბობს მუჯირი.




არაა გამორიცხული, რომ მომავალში, უეფა-მ ნატურალიზაციის წესი მართლაც გაამკაცროს და გარკვეული შეზღუდვებიც დააწესოს, ისე, როგორც ეს დიდ ფეხბურთშია, თუმცა, უკვე მიმდინარე ტურნირზე, უკვე დამტკიცებულ დებულებაში, ნაკლებ სავარაუდოა რადიკალური ცვლილებები შეიტანოს. მსგავსი გადაწყვეტილება, პირველ რიგში უეფა-ს ძირეულ პრინციპებთან კონფლიქტში მოვა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე, რიგი მუხლების დარეგულირება მოხდეს.


„ჩვენ, სანამ ნატურალიზებას მივცემდით ბრაზილიელებს, ბევრ ქვეყანაში იგივე მდგომარეობა იყო. ასე, რომ ჩემთვის ცოტა გასაკვირია. მე ვერანაირად ვანსხვავებ ჩვენს ფეხბურთელებს ბრაზილიელებისგან. პირიქით, როგორც ქართველი მოთამაშეები თამაშობენ, გაათმაგებული ენერგიით და მგონი ჩანს კიდეც, ჩვენი ქვეყნის სიყვარული როგორი აქვთ. ასე რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ბიჭებს, რომ ასე, ჩვენი დროშის ქვეშ თამაშობენ, გვეხმარებიან. მართალი, რომ გითხრათ გაკვირვებული ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ დროის განმავლობაში, ეს ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი ფინეთთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ.




საინტერესოა ერთი გარემოება, მაშინ, როდესაც ევროპული საფეხბურთო სამყარო უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების თამაშს აპროტესტებს და ამ თემას გვარიანადაც აგორებს, პორტუგალიისა და ფინეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ჩვენს ნატურალიზებულ ბრაზილიელებზე „ნადირობა" გამოაცხადეს.