შალვა გურეშიძე ულამაზესი იპონით 1/2 ფინალი მოიგო და გზა ფინალისკენ გაიკვლია. რამდენიმე საათის შემდეგ, კი, +100 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ჯუდოკა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ გურეშიძემ მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრება მოიგო - ერთი თვის წინ, ჰააგაში ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მანამდე კი, ევროპის თასები პრაღასა და გრაცში მოიგო.
დღეს, შალვამ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში ჯერ გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური დაამარცხა, შემდეგ, თურქ მუნირ ერთუს მოუგო და ნახევარფინალში კვიპროსის წარმომადგენელი, გიანის ანტონიოუ დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი, თურქეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს იბრაჰიმ თათაროლუს დაუპირისპირდა და წუთსა და 50 წამში შეხვედრა ავასატე-იპონით დაასრულა.
დღესვე, პორტუგალიურ ტატამზე კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა, -100 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ბადუაშვილი, რომელიც პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას და +78 კგ წონით კატეგორიაში, ნინო პაპიძე, რომელმაც პირველ წრეში მონღოლი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, მომდევნოში ნიდერლანდების წარმომადგენელთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ოქრომდე ცოტა დააკლდა -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსანდრე ლოლაძეს, რომელიც საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ხვალ, ოდიველაში შერეული გუნდური შეჯიბრი გაიმართება, სადაც საერთო ჯამში 15 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ქართული გუნდი 10 ჯუდოკათი არის დარეგისტრირებული: -73კგ გიორგი ტერაშვილი და კოტე კაპანაძე, -90კგ ლუკა ბაბუციძე და თამაზ კობერიძე, +90 კგ შალვა გურეშიძე და უჩა ტაბატაძე, გოგონებიდან განაცხადში არიან, -57კგ ნინო ლოლაძე, -70კგ ეთერ ასკილაშვილი და ნინო გულბანი, +70კგ ნინო პაპიძე.
ფოტო: (c) Di Feliciantonio Emanuele