დუდუ დადიანის მემორიალი „ქუთაისმა“ მოიგო
დუდუ დადიანის მემორიალი „ქუთაისმა“ მოიგო
07.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„თბილისი არენაზე" საკალათბურთი იმერული დერბი „ქუთაისმა" მოიგო. დუდუ დადიანის რიგით 22-ე მემორიალის ფინალში ერთმანეთს ზესტაფონის „მარგვეთი" და „ქუთაისი 2010"-ი დაუპირისპირდნენ. კოტე ტუღუშის გუნდმა საბოლოოდ, მხოლოდ 5 ქულით, 89-94 იმარჯვა, თუმცა, მანამდე იყო, საკმაოდ დაძაბული და თანაბარი ორთაბრძოლა, რომელშიც ანგარიში 6-ჯერ გათანაბრდა, ლიდერი კი, ერთხელ შეიცვალა.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი მეოთხედი ზესტაფონელებმა, საკმაოდ დამაჯერებლად, 34-24, მთელი 10 ქულით მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ სამში, „ქუთაისი" იმარჯვებდა 17-23, 18-20, 20-27, ქუთათურებს მესამე მეოთხედამდე მოუხდათ „მარგვეთის" დევნა. დიდ შესვენებამდე ზესტაფონელები 51-47-ს ლიდერობდნენ. ორი ქულით წინ იყო „მარგვეთი" ბოლო, მეოთხე მეოთხედის წინაც 69-67. შესაბამისად ტუღუშის გუნდს, ბოლო მონაკვეთში საკმაო გარჯა მოუხდა, რომ თამაში საბოლოოდ სათავისოდ შემოეტრიალებინა და შემდეგ, მოეგო. ეს „ქუთაისში" მოთამაშე გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების ნაზავმა, კარგად მოახერხა. გამარჯვებულთაგან  საუკეთესო 19 წლის ფორვარდი იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა 5 მოხსნასთან ერთად. ქუთაისელთა შორის კიდევ ერთმა 19 წლის მოთამაშემ, უკანახაზელმა გიორგი ოჩხიკიძემ, მემორიალის ფინალში, 11 პასი ჩაიწერა. გიორგი კორსანტიამ კი, დუბლი შეასრულა 17 ქულა და 12 მოხსნით.




მაშინ როდესაც გამოცდილი კალათბურთელები ვახსენეთ, ერთ-ერთი მათგანი აკაკი დვალიშვილია, რომელმაც საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა, მატჩის დასრულების შემდეგ კი, ტურნირის MVP-იც გახდა. ამას გარდა, კაკიმ, როგორც „ქუთაისი 2010"-ის კაპიტანმა, დუდუ დადიანის ძმისშვილებისგან, ნიტა, სანდრო და ანდრიასგან ოფიციალურად ჩაიბარა, 2023 წლის დადიანის მემორიალის გამარჯვებულის თასი.


მატჩის სრული სტატისტიკა


შეგახსენებთ, რომ „ქუთაისი" დღემდე, ორჯერ, 2011 და 2020 წლებში იყო დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული.



კალათბურთის ფედერაციის ფოტოები