„დინამო თბილისის" წყალბურთელთა გუნდმა დღეს 2023-2024 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველი საშინაო მატჩი გამართა და ბერძნულ „ოლიმპიაკოსს" შეხვდა და 6-19 დამარცხდა.
„აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, როგორზეც ჯგუფის სხვა დანარჩენი სამი გუნდია. ჩვენ არ ვართ ჩემპიონთა ლიგის დონეზე. ჩვენ ნამდვილად უნდა ბევრ რამეზე ვიმუშაოთ და პირველ რიგში მოთამაშეების მენტალიტეტზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი მარტივი გოლი. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ისეთ ძლიერ გუნდს ეთამაშო, რომელსაც ორი უდიდესი ცენტრ-ფორვარდი ჰყავს. მომავალში, ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.
თბილისის „ოლიმპიკის" აუზზე, „ოლიმპიაკოსმა" თავი საკუთარ სახლში იგრძნო და უკვე შეხვედრის დაწყებიდან 4 წუთში, 5 გოლით ლიდერობდა. პირველი ნახევარი კი, 0-6 მოიგო. „დინამომ" მეორე პერიოდის დასაწყისში ორი ბურთის გაქვითვა მოახერხა, გოლები ბორის ვაპინსკიმ და არწიომ დიხტიარენკამ გაიტანეს, თუმცა, სტუმრებმა, მალევე მოახერხეს სტატუს-კვოს აღდგენა. მონაკვეთის მიწურულს, რევაზ იმნაიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი. მონაკვეთი კი, 3-4 წავაგეთ. შესაბამისად დიდი შესვენების წინ სტუმრები 3-10-ს გვიგებდნენ.
დარჩენილი ორი პერიოდი იმავე სცენარით წარიმართა. სტუმრები იყვნენ უფრო სწრაფები, მობილურები და კონტრშეტევაზე კარგად გადადიოდნენ. ბერძნებმა ამ მონაკვეთში, წინასთან შედარებით, ერთი გოლით ნაკლები გაგვიტანეს - 9. დინამოელთა ანგარიშზე, ბოლო ორ პერიოდში კი, კვლავ 3 გოლია - მესამე პერიოდის სტარტზე გოლი ბესარიონ ახვლედიანმა გაიტანა, ბოლო მეოთხედში კი თავი, კვლავ ბორის ვაპენსკიმ და სტეფან პიეშივაცმა გამოიჩინეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში მესამე და მეოთხე პერიოდები 1-3 და 2-6 დასრულდა.
მატჩის სრული სტატისტიკა
აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო" ჯგუფური ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს, „ოლიმპიაკოსთან", „დუბროვნიკთან" და „პრო რეკოსთან" ერთად. ქართულმა გუნდმა პირველი შეხვედრა „პრო რეკოსთან" 15-6 დათმო. მომდევნო შეხვედრას თბილისის „დინამო" კვალავ სახლში, 17 ოქტომბერს გამართავს და „დუბროვნიკს" შეხვდება.
აქვე, გათამაშების კალენდარსაც გეტყვით:
17 ოქტომბერი / „დინამო" - „დუბროვნიკი"
1 ნოემბერი / „დინამო" - „პრო რეკო"
22 ნოემბერი / „ოლიმპიაკოსი" - „დინამო"
6 დეკემბერი / „დუბროვნიკი" - „დინამო"
და ბოლოს იმასაც შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლების სეზონი, ახალი სისტემით ტარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი თამაშობს, 4 ჯგუფად დაყოფილი. მომდევნო ეტაპზე ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გადის. უკვე ამის შემდგომი მომენტი, ლიგის ოთხთა ფინალია. აი, მესამეადგილოსნები კი, ევროთასებზე გადაინაცვლებენ და გათამაშებას 1/8 ფინალიდან შეუერთდებიან.
ფოტო: len.eu / (с) ირაკლი ტყემალაძე