ალბათ, უცხოეთში ჩასული ტურისტი, მათ შორის ქართველსაც, თუკი სპორტი უყვარს, აუცილებლად „დაგუგლავს" კონკრეტულ ადგილას სპორტულ ღირშესანიშნაობას, მუზეუმს, სტადიონს, ფან-შოპს, სპორტულ ფაბს და აუცილებლად ნახავს. სამწუხაროდ, საქართველოში, სადაც საკმაოდ საინტერესო სპორტული ისტორია გვაქვს, მსგავსი სივრცეებით განებივრებულები არ ვართ. ალბათ, კიდევ ბევრი წელიც დაგვჭირდება, რომ ამ რგოლში, საერთაშორისო სტანდარტებზე გავიდეთ, თუმცა, მანამდე, ის გამონაკლისებიც გვახარებს, რაც ქვეყანაში არსებობს. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი საქართველოს ოლიმპიური მუზეუმია.
მაჩაბელზე, ამიერიდან თბილისის სტუმრებს ქართული ოლიმპიური მუზეუმის დათვალიერების საშუალება ექნებათ. მუზეუმი ოფიციალურ სამუშაო საათებში იმუშავებს და ამ ეტაპზე, იქ შესვლა, დამთვარიელებლისთვის უფასო იქნება. ოფიციალურად მუზეუმი დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში გაიხსნა. ღონისძიება სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას კი, სიტყვით სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა, სეოკ-ის დამფუძნებლებმა თენგიზ გაჩეჩილაძემ და პაატა ნაცვლიშვილმა მიმართეს.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ახალი მუზეუმი და ბიბლიოთეკა საშუალებას იძლევა დამთვალიერებლებს ფართოდ წარვუდგინოთ ქართული სპორტის მიღწევები, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელები, მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები, მოვაწყოთ საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები, საიუბილეო და სხვა ღონისძიებები, ამასთანავე, სისტემატიურად მოვიწვიოთ ჩვენი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა თბილისიდან და რეგიონებიდან, გავაცნოთ მათ ქართული სპორტის ისტორია, დავაინტერესოთ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით", - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
ახლადგახსნილი 300 კვადრატულ მეტრზე გაშლილი სივრცე, ერთდროულად მუზეუმსა და ბიბლიოთეკას მოიცავს. სამუზეუმო ექსპონატებს, რომლებიც 2011 წლიდან კიდევ უფრო გაიზარდა, ოლიმპიურ თემატიკაზე მნიშვნელოვანი გამოცემებითაც შეივსო. ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, ამბები დასაბამიდან დღემდე. მათ შორის - საინტერესო ექსპონატები, ინფორმაციული და ვიზუალური მასალები ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, მის დამფუძნებლებზე და პრეზიდენტებზე, ოლიმპიურ სიმბოლოებზე და ცერემონიებზე, ზაფხულისა და ზამთრის ცალკეულ ოლიმპიურ თამაშებზე, კონტინენტურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე.
ცალკეა წარმოდგენილი ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ინფორმაცია სეოკ-ის დაფუძნებისა და აღიარების შესახებ, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და პრიზიორებზე, ჩვენს ოლიმპიურ რეკორდსმენებზე. მუზეუმში გამოიფინა ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მედლების ასლები (სულ-133 მედალი), ქართველ მოქანდაკეთა ნამუშევრები ოლიმპიურ თემატიკაზე, სეოკ-ში დაცული თასები და სხვა ჯილდოები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, მუზუემის გახსნა სეოკ-ის დაფუძნების დღეს დაამთხვია.
სეოკ-ის ფოტო