9 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2024 წლის ოქტომბრის თვის შესარჩევი მატჩისთვის თბილისში შეიკრიბება და 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე" თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. თუმცა, მანამდე ვილი სანიოლის გუნდს, ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ალბათ, მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ჩავარდნილი სექტემბრის შემდეგ, 12 ოქტომბერს ტაილანდის ეროვნულ ნაკრებთან დაგეგმილი შეხვედრა, უფრო, გენერალური რეპეტიციისა და განწყობის გამოსაკეთებლად არის დაგეგმილი, რადგან თუკი, გათვლას ერთა ლიგის ფლეი-ოფის თამაშებზე ვაკეთებ, თანაც ისე, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური (ანუ ევროშესარჩევზე ავიღოთ მაქსიმალურად მეტი ქულა, თუნდაც უკეთესი სარეიტინგო ადგილისთვის), ოქტომბრის ფანჯარას, სწორედ ეს დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ნოემბერი, კვლავ „მძიმე" გველის.
მანამდე ვილი სანიოლიმ ნაკრებში ძველი სახეები დააბრუნა - ლუკა ლოჩოშვილი, რომლის არ გამოძახებასაც სექტემბერში მთელი აურზაური მოჰყვა. ნიკა კვეკვესკირი, რომელიც აშკარად აკლდა გუნდს, ასევე ლევან შენგელია და დავით ვოლკოვი. ეროვნულში, ახალგაზრდულიდან კვლავ ამოწიეს გაბრიელ სიგუა, 22 წლის მცველის ივა გელაშვილის სახით კი, რომელმაც საკმაოდ კარგი ახალგაზრდული ევრო ჩაატარა, ნაკრებს დებიუტანტი ჰყავს.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არ არის საბა საზონოვი, რომელმაც საკლუბო ჩემპიონატში ტრავმა მიიღო და ოქტომბერში ნაკრებს გამოაკლდება. ამ შეკრებაზე გუნდთან ერთად არ იქნებიან, არც ლაშა დვალი (რომელიც კვიპროსულ ფეხბურთს კარგად იცნობს), გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი და ლუკა გაგნიძე.
ეროვნული ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა კი, ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია", ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი", ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია).
უშუალოდ, ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას, ჩვენი გუნდი, 15 ოქტომბერს, მიხელ მესხზე გამართავს და კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლარნაკაში მინიმალური ანგარიშით 1-2 მოიგო.
მატჩების განრიგი:
12 ოქტომბერი | საქართველო - ტაილანდი | 20:00
15 ოქტომბერი | საქართველო - კვიპროსი | 17:00