რამაზ სვანაძის გუნდი ოქტომბრის მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ორ დღეში შეიკრიბება
რამაზ სვანაძის გუნდი ოქტომბრის მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ორ დღეში შეიკრიბება
05.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამაზ სვანაძის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, სექტემბრის სათამაშო ფანჯრიდან განსხვავებით მცირედი ცვლილებებია. მაგალითად, ნაკრებს გაბრიელ სიგუას „დათმობა" მოუხდა ეროვნულისთვის. სამაგიეროდ, ეროვნულიდან, 21-წლამდეთა ნაკრებში ჩამოუშვეს ლუკა გაგნიძე. ამ ეტაპზე ახალგაზრდულ ნაკრებში დაუძახეს მუხრან ბაგრატიონს, ისევე როგორც დემეტრე გვასალიას. თუმცა, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, ამ შეკრებაზე ახალგაზრდულთან ერთად არ იქნებიან გეგი გეგუჩაძე და გიორგი აბუაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ახალი სანაკრებო ციკლის პირველი სათამაშო ფანჯრის შემდეგ, ორი ჩატარებული შეხვედრიდან ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში, 6 ქულით ნიდერლანდების შემდეგ მეორე ადგილზეა, 12 ოქტომბერს, სწორედ, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. 17 ოქტომბერს კი, შვედეთს დაუპირისპირდება.


სვანაძის გუნდი ოფიციალურად შეკრებას 8 ოქტომბრიდან ბათუმში დაიწყებს და მოგვიანებით, ოქტომბრის ორივე შეხვედრას, ბათუმშივე, „აჭარაბეთ არენაზე" გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი 10 და 15 ლარს შეადგენს.


აღნიშნული მატჩებისთვის, „სვანას" შეკრებაზე 23 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული:


მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი").


მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი"), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო" ქუთაისი), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), მუხრან ბაგრატიონი („დინამო" ბათუმი), საბა მამაცაშვილი („გაგრა"), ზურაბ რუხაძე („მეტა", ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი").


ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი"), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო"), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო"), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი"), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე", ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი 1913" ფოთი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი", რუსეთი).


თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („პაოკი", საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი").


აქვე შეგახსენებთ, რომ მართალია სხვა ფორმაციის, თუმცა, საქართველოსა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებები 2023 წელს ევრო 2023-ის ფორმატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1-1 ითამაშეს. თუმცა, ამ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ფლეი-ოფში გასვლა მოახერხა.  ნაკრებში ბევრი ცვლილების მიუხედავად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი იმედს ვიტოვებთ, რომ ბათუმში გავსებული სტადიონი, ამ ახალი ფორმაციის 21-წლამდების დამატებითი მუხტი გახდება და სვანაძის გუნდს, მორიგი ქულების აღებაში დაეხმარება.




ევრო 2025 / შესარჩევი / ჩატარებული შეხვედრები:

6 სექტემბერი, ქუთასის / საქართველო - გიბრალტარი 2-0

12 სექტემბერი, კიშინიოვი / მოლდოვა - საქართველო 0-1


ოქტომბრის ფანჯარა:

12 ოქტომბერი, ბათუმი / საქართველო - ნიდერლანდები 18:00

17 ოქტომბერი, ბათუმი / საქართველო - შვედეთი 19:00