ბოლო წრე და 7-ქულიანი ფორა
ბოლო წრე და 7-ქულიანი ფორა
03.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში, როგორც სეზონის დასაწყისში იყო ნავარაუდები, საჩემპიონო რბოლა ორ „დინამოს", „დინამო თბილისსა" და ბათუმის „დინამოს" შორის წარიმართება. მიმდინარე სეზონში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი" და ვიცე - ჩემპიონი ბათუმიდან, უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან, ორი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, ერთში კი, თბილისელებმა 1-2 წააგეს, თანაც ამ შეხვედრაში, ბოლო წუთებზე, თბილისურ გუნდს არც გოლი ჩაუთვალეს და არც 11-მეტრიანი დაუდეს. ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, სწორედ ეს ორი გუნდი, ბოლო მატჩამდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის.


მეოთხე წრის პირველი ტური კი, ორივე დინამომ მოიგო. ბათუმელებმა, დე ლა მანდარინაში, „შუქურას" გასვლაზე, „ანგისაზე" 0-6 მოუგეს. თბილისელებმა კი, მორიგი საშინაო შეხვედრა ჩაატარეს „დევნილობაში" და „პეტრო არენაზე" გორის „დილას" 3-1 მოუგეს.


ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, ბათუმელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან და 7 ქულით უსწრებენ „დინამო თბილისს".


ბოლო წრის დაწყებამდე ნათელია, რომ წელს ეროვნულ ლიგას ქობულეთის „შუქურა" გამოეთიშება. აი, გადათამაშების ზონაში კი, ჯერჯერობით, „სამტრედია" და „გაგრა" არიან, რომლებმაც 28-ე ტურის შეხვედრები ფრედ ითამაშეს. „სამტრედიამ" თელავიდან წამიღო ქულა, როდესაც „თელავთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. „გაგრამ" კი, წყალტუბოში, „სამგურალს" წაართვა 2 ქულა, შეხვედრა 2-2 დასრულდა.


სეზონის სტარტისგან განსხვავებით, შედარებით მშვიდად გრძნობს თავს ქუთაისის „ტორპედო", რომელიც მართალია, ამ მომენტში, სატურნირო ცხრილში, მხოლოდ, მე-6 ადგილზეა 42 ქულით, თუმცა, მესამე ადგილოსან „საბურთალოსთან", 3 ქულა აშორებს და თანაც, ამ ტურში, სწორედ, ამ თბილისურ კლუბს წაართვა 3 ქულაც. „ტორპედომ" რამაზ შენგელიაზე 5-0 მოიგო.


ეროვნული ლიგის ბოლო წრის მომდევნო, 29-ე ტური 7 და 8 ოქტომბერს გაიმართება და ამის შემდეგ, 20 ოქტომბრამდე, სანაკრებო შესვენება გამოცხადდება.


გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი.