ბოლო წრე და 7 ქულა ფორა - განმეორდება თუ არა 2022 წლის სეზონი?
ბოლო წრე და 7 ქულა ფორა - განმეორდება თუ არა 2022 წლის სეზონი?
29.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. მიმდინარე თვის ბოლოს ეროვნული ლიგის ბოლოს წინა, მესამე წრის ბოლო ტური გაიმართა და რამდენიმე მწვრთნელიც შეეწირა. მართალია, თბილისში, „პეტრო არენაზე" დღეს დასრულებული შეხვედრის შემდეგ, „დინამო თბილისსა" და „საბურთალოს" შორის, არავის უთქვამს „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ომარ თეთრაძის გადადგომის შესახებ, მაგრამ საფეხბურთო წრეებში მის წასვლაზე ბევრი ლაპარაკობს. დღეს კი, თბილისურ დერბიზე, საბურთალოელთა სათადარიგო სკამზე უჩა სოსიაშვილის გამოჩენამ ეს ჭორები კიდევ უფრო გაამყარა.

რაც შეეხება თბილისურ დერბს, ის დინამოელებმა, მინიმალური ანგარიშით, 1-0, დენის ბუშნიას მიერ, 37-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. შეხვედრა „დინამო თბილისის" მცირედი, თუმცა, უპირატესობით წარიმართა და საბურთალოელთა მეკარის ლაზარე კუპატაძის დამსახურებით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ამ შეხვედრაში მხოლოდ, ერთ ბურთს დასჯერდა. სხვთა შორის, აღსანიშნავია, რომ სწორედ, კუპატაძის წყალობით, წინა 26-ე ტურშიც, „საბურთალომ", „თელავთან" მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა. მიუხედავად ამისა, „საბურთალო", რომელმაც წელი კარგად დაიწყო, ელიგის გათამაშებაში, შეხვედრას შეხვედრაზე აგებს და დიდი ალბათობით, ჭორები, რომლებიც კლუბის სამწვრთნელო შტაბში მოსალოდნელ ცვლილებებს აანონსებს, დიდი ალბათობით, გარდაუვალია.


რაც შეეხება „დინამო თბილისს" საქართველოს მოქმედი და 19-გზის ჩემპიონი, მეორე ვარსკვლავისკენ საკმაოდ რთული გზით მიდის. სეზონის მსვლელობისას უწევს მთელი რიგი ცვლილებების კეთება, რომლის დროსაც აქცენტს საკუთარი აკადემიიდან ამოყვანილ კადრებზე აკეთებს, თუმცა, ეს პროცესი, ალბათ, როგორც მოსალოდნელია, დროში გაწერილია და მთელ რიგ ადაპტაციას საჭიროებს. 27-ე ტურის შემდეგ კი, თბილისური „დინამო", ბათუმურს, კვლავ, 7 ქულით ჩამორჩება. წინ კი, მთელი მეოთხე წრეა.


მატჩის ფოტო-ამბავი (რედაქტირებული)


მესამე წრის ბოლოს შეხვედრაში, ბათუმის „დინამომ" ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე", 0-3 მოიგო „ტორპედოს", რომელმაც, როგორც ჩანს, ორი ტურით ადრე „დინამო თბილისთან",  იმდენი ძალა დახარჯა, რომ ჯერ, 26-ე ტურში, გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან „შუქურასთან" ითამაშა მშრალი ფრე, ამ ტურში კი, მეორე შავიზღვისპირა გუნდთან, მეორე ტაიმში სრული კაპიტულაცია გამოაცხადა.


ევროტურნირებისა და კლუბიდან ანდრეს დემჩენკოს წასვლის შემდეგ, გორის „დილა" გონზე ვერ მოდის და ალბათ, უფრო, მეოთხე წრის პირველ შეხვედრაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც 3 ოქტომბერს, „პეტრო არენაზე" გაიმართება და „დინამო თბილისთან" ჩავა სტუმრად. ქართულ რეალობაში, „დინამო თბილისთან" აღებული ყველა ქულა ხომ, სხვა ყველა კლუბთან ერთად აღებულ ქულაზე მეტს ნიშნავს - პრესტიჟისა და პრინციპის თემაა (კარგი იქნება, ამას თავად თბილისელების გარკვეული ნაწილიც, რომ გრძნობდეს და ითავისებდეს). ამ ტურში კი, „დილა" კახეთს სტუმრობდა და თელავში, „კავკასიონ არენაზე", მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე, გურამ გოშთელიანის გოლით დამარცხდა „თელავთან", ანგარიშით 2-1 და ახლა, სატურნირო ცხრილში, კვლავ 1 ქულით ჩამორჩება „საბურთალოს" და 2 ქულით უსწრებს „სამგურალს". სწორედ ეს, სამი გუნდია ამ მომენტისთვის, ცხრილის, მე-3, მე-4 და მე-5 საფეხურებზე.


მწვრთნელის ცვლილება მოჰყვა „სამგურალის" საშინაო მარცხსაც. წყალტუბოელები, რომლებსაც ზედა ოთხეულში მოხვედრის პრეტენზია აქვთ და სეზონი კარგად დაიწყეს, აღნიშნულ ტურში, გათამაშების აუტსაიდერთან, „სამტრედიასთან" მშრალი ანგარიშით, 0-3 დამარცხდნენ. საინტერესოა, რომ კლუბმა, რომელმაც მესამე წრეში, საერთო ჯამში, 17 გოლი გაუშვა, „დინამო თბილისიდან" ახალგაზრდა მეკარე ლუკა კუტალაძე დაიმატა, თუმცა, ახალ კლუბში კუტალაძე, ჯერ სკამის მიღმა არ გვინახავს, არა და, მას თუნდაც, შარშანდელი ჩემპიონატიდან და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან საკმაოდ საინტერესო სათამაშო გამოცდილება აქვს. ბუნებრივია, რომ კლუბის წარუმატებლობა მხოლოდ, მეკარის ბრალი არა და შესაძლოა, არც მხოლოდ მწვრთნელის. თუმცა, კლუბმა, გიორგი ჭელიძე დაითხოვა.


და ბოლოს, ამ ტურის ბოლო შეხვედრაში, თბილისში, „პეტრო არენაზე" გათამაშების აუტსაიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სწორედ, „გაგრასა" და „შუქურას" დაპირისპირებით დაიწყო ეს ტური. შეხვედრის ბედი კი, 56-ე წუთზე, ზურაბ მუსელიანის მიერ გატანილი 11-მეტრიანით გადაწყდა, „გაგრამ" 1-0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში საჭირო 3 ქულა ჩაიწერა.


გათამაშების ცხრილი და კალენდარი


მომდევნო ტური, რომლითაც წლევანდელი გათამაშების ბოლო, მეოთხე წრე დაიწყება, 2 და 3 ოქტომბერს გაიმართება. ამის შემდეგ, ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე, ელიგაზე კიდევ ერთი ტურია ჩანიშნული.