ახალი საკალათბურთო სეზონი, ტრადიციული დადიანის მემორიალით იწყება
ახალი საკალათბურთო სეზონი, ტრადიციული დადიანის მემორიალით იწყება
28.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 2023-2024 წლების საკალათბურთო სეზონი 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ამ დღეს, ტრადიციული, დუდუ დადიანის რიგით 22-ე მემორიალი აიღებს სტარტს და 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გათამაშებაში 12 გუნდი, 10 - საქართველოს სუპერლიგის, თითო გუნდი კი, „ა" და სტუდენტური ლიგებიდან იქნებიან წარმოდგენილები.

2022 წლის გათამაშებაში, ტურნირს, რიგით მე-13 გამარჯვებული  (სწორედ ამ ნომრიანი მაისურით თამაშობდა წლების მანძილზე კალათბურთს დუდუ დადიანი) ჰყავდა, „კავკასია", რომელიც, 2023 წლის გათამაშებაში, C ჯგუფში იასპარეზებს. საინტერესოა მოახერხებს თუ არა, „კავკასია" ტიტულის შენარჩუნებას. ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ დადიანის მემორიალი, „ენერჯი ინვესტმა" მოიგო 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში. სამჯერ, 2002, 2016 და 2017 წლებში მემორიალს ყველაზე ტიტულოვანი ქართული საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" იგებდა, რომელიც რამდენიმე წელია, ძლიერთა შორის საერთოდ აღარ ფიგურირებს.




წილისყრით გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ - A ჯგუფი: „გურჯაანი", „მარგვეთი", „რუსთავი", B ჯგუფი: „ქუთაისი", „ორბი", „ივერიონი", C ჯგუფი: „ბათუმი", „კავკასია", „სპორტუნი" და D ჯგუფი: თსუ, „ოლიმპი", „სოხუმის.


ჯგუფური ეტაპის თამაშები ერთ წრედ, 1, 2 და 3 ოქტომბერს ჩატარდება, ჯგუფების გამარჯვებულები კი, ჯვარედინი პრინციპით (A ჯგუფის გამარჯვებული B-ს გამარჯვებულს, C კი, D-ს), ნახევარფინალში შეხვდებიან.  ნახევარფინალები 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ფინალი კი 7 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.