პირველად, ისტორიაში, ფიბა-ს სამუშაო კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი შეიყვანეს. ინფორმაციას, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის საშეჯიბრო კომისიის წევრი გახდა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, სანიკიძის აღნიშნულ კომისიაში შესაყვანად, მანილაში, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე წარადგინეს. ამჟამად კი, დანიშვნა ფიბა-დან მოსული ოფიციალური წერილით დადასტურდა.
„საშეჯიბრო კომისიაში სანიკიძის არჩევა მოხდა კალათბურთისადმი მისი ერთგულების, ამ სფეროში გამოცდილებისა და საჭირო უნარების ფლობის გათვალისწინებით.
ფიბა-ს საშეჯიბრო კომისია, თავის მხრივ, ოთხ ქვეკომისიას აერთიანებს: კაცთა ეროვნული ნაკრებების, ქალთა ეროვნული ნაკრებების, ახალგაზრდული ნაკრებებისა და კლუბების. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კლუბების ქვეკომისიის წევრი იქნება, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და საერთაშორისო ტურნირებთან და კლუბებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს", - ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საინფორმაციო წერილში.
დღემდე, ფიბა ევროპის სხვადასხვა კომისიაში, საქართველოს წარმომადგენლები მუშაობენ, თუმცა, ფიბა-ს მსოფლიო წარმომადგენლობაში ვიქტორ სანიკიძე პირველი წარმომადგენელი იქნება ჩვენი ქვეყნიდან.