ილია სულამანიძემ ბაქოს გრან სლემზე ოქრო მოიგო
ილია სულამანიძემ ბაქოს გრან სლემზე ოქრო მოიგო
24.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ილია სულამანიძე, ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია. -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, რომელსაც არა მხოლოდ, ჩვენი, არამედ, საერთაშორისო ძიუდოს სამყაროც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, მეზობელ ქვეყანაში დასრულებულ გრან სლემზე, პირველი ოქროს მედლის მოგებას ახერხებს ქართული გუნდისთვის.


ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან ფინალურ დაპირისპირებაში, ქართველმა ვაზარი 1'48'' წამზე აიღო, თუმცა, ის გააუქმეს. მომდევნო ორი წუთიც, ილია სულამანიძის აქტიურობით და მატვეი კანიკოვსის პასიურობით წარიმართა, თუმცა, ილიამ მეტოქეს მესამე შიდოს აღება არ აცალა და ვაზარი აუღო, რამაც ოქროს მედალიც მოუტანა.




დღესვე, ოქროს მედლის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან გურამ თუშიშვილმა, +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში D ჯგუფის მოგების შემდეგ, 1/2 ფინალში, ყაზახი სპორტსმენიც დაამარცხა, თუმცა, ფინალში ინალ ტასოევთან სამი შიდოს ხარჯზე დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


სხვათა შორის, ტასოევთან დამარცხდა 1/2 ფინალში, გელა ზაალიშვილიც, რომელმაც ბრინჯაოს ფინალი, ტამერლან ბაშაევთან წააგო.


საწყენად არა, მაგრამ გასააზრებლად - ქართველ ჯუდოკათა უმეტესობამ, ბრძოლები, სწორედ ე.წ. ნეიტრალური ქვეყნის გუნდის წარმომადგენელთან წააგო. ოლიმპიური თამაშების წინ, სადაც დიდი ალბათობით, ამ დროშის ქვეშ მოასპარეზე გუნდი მაინც იქნება, გასათვლელია ქართული გუნდის (არა მხოლოდ ძიუდოში) დეტალი, რადგან უკრაინაში დაწყებული ომის მიზეზით, უფლებაშეჩერებულ და საერთაშორისო სარბიელზე ნელ-ნელა დაბრუნებულ სპორტსმენებთან, რომლებსაც ძალიან ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, სათანადოდ გამკლავება, ცივი გონებით და ზუსტი გათვლებით მოვახერხოთ.


და ბოლოს, ბაქოს გრან სლემის ბოლო დღეს,   ტატამზე საერთო ჯამში, 7 ქართველი ჯუდოკა გამოვიდა:  -90კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცს, თორნიკე ფოლადაშვილს, -100 კგ-ში ილია სულამანიძეს, ერეკლე ბაზიერიშვილს, +100კგ-ში გელა ზაალიშვილის, გურამ თუშიშვილს, +78კგ-ში კი, სოფიო სომხიშვილის გამოსვლას ველით.


ფოტო:  (c) IJF  / Di Feliciantonio Emanuele, Sabau Gabriela