დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ახალ ტურნირზე, ქალთა ერთა ლიგაზე დაიწყო გამოსვლა. ქართველ გოგონებს გახსნითი და ბოლო შეხვედრა, ასეთი კი დღეიდან დეკემბრის პირველ რიცხვებამდე სულ 5 უნდა გამართონ, ჯგუფის ფავორიტთან თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან უწევთ.
მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ირის ანტმანის გუნდი, საწვრთნელი პროცესის შემდეგ, რომლის დროსაც, ნაკრების შემადგენლობა წინა წლებისგან მეტ-ნაკლებად შეიცვალა, დაიხვეწა და შეთამაშდა, სწორედ უეფა-ს C2 -ე ჯგუფის ლიდერს თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა.
„თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა თურქეთის ნაკრები ძლიერი და ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, გვქონდა შანსები და სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან. ვიცით, რომ ნაბიჯ-ნაბით უნდა განვვითარდეთ. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. მართალია, წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მოედანზე რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ", - ამბობს ირის ანტმანი მატჩის დასრულების შემდეგ.
გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ნაკრების მთავრი მეკარე თათია გაბუნია, პოსტოპერაციულ პერიოდს გადის, ქართველთა გუნდის კარს სვეტლანა გაბელაია იცავდა. სტუმრებმა, გოლები მე-5 და 41-ე წუთებზე გაიტანეს. ამასთან, თურქეთის ნაკრებმა, საქართველოს ქალთა გუნდს, მაღალი ტემპი შემოსთავაზა და ყოველივეს უშეცდომოდ ასრულებდა. უეფა-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სტუმრებმა ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყეს. ჩვენ მხოლოდ, 6-ჯერ დავარტყით. აქედან სტუმრების ანგარიშზე კარის ჩარჩოში 6 დარტყმული მოდის, ჩვენი მხოლოდ 2. ამ სტატისტიკიდან გამომდინარეც, ირის ანტმანის გუნდმა, რომელიც თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების რანგის გუნდს რეალურად პირველად დაუპირისპირდა, მოახერხა მეტ-ნაკლებად კარის დაცვა. ამას გარდა, ალბათ, 54-ე წუთზე, ანა ჩემინავას, 11-მეტრიანი რომ გამოეყენებინა, შესაძლოა, თამაშს ცოტა სხვა გაგრძელებაც ეპოვნა, თუმცა, ამ ტაიმში გოლი ისევ ჩვენ კარში, 71-ე წუთზე გავიდა. საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრა 0-3 წააგო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯგუფში თურქეთის გარდა, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ეროვნული ნაკრებები არიან. მომდევნო შეხვედრასაც, 26 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის წინააღმდეგ, გასვლაზე გამართავს.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი