საქართველოს ფუტსალის ნაკრები ვიზეუში მსოფლიო ჩემპიონთან ბოლომდე იბრძოლა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ვიზეუში მსოფლიო ჩემპიონთან ბოლომდე იბრძოლა
21.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სწრაფი გოლი, შეხვედრის პირველივე წუთზე რომელიც ქართველთა კარში პორტუგალიელმა ტომას პაკომ გაიტანა, ჩვენი გუნდისთვის „დენის დარტყმის" მსგავსი იყო. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ავთანდილ ასათიანის გუნდს (ზვიად კუპატაძე, შაგინია, სიმი საიოტი, თალესი, ბინიო),  მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე ჯგუფური თამაშის დაწყებამდე აფიქრებდა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც, პირველი გოლიდან 5 წუთში პაულეტამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში რონინიო აკლდა, ნელ-ნელა „გამოფხიზლება" დაიწყო და მრისხანე მეტოქის კარს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია კიდეც. ქართველთა გუნდს გაქვითვაც შეეძლო, თუმცა, ტიაგო ბრიტომ  (12'06'') ჩვენ გაგვიტანა. ავთანდილ ასათიანმა პირველი ტაიმის ბოლოს, 3 წუთი, „ზედმეტი" მოთამაშე გამოიყვანა და შესაბამისად ბურთი, მეტოქის ნახევარზეც შეინახა, თუმცა, კარში დარტყმამდე აქ, საქმე არ მივიდა. აი, მეტოქემ კი, ბოლო წამზე ამითი ისარგებლა და კიდევ ერთი გოლი, კოელიემ გაგვიტანა.


შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენს კარს პორტუგალიელებმა 14-ჯერ შეუტიეს, ჩვენ 11-ჯერ. კარის ჩარჩოში, მასპინძლებმა 8-ჯერ დაარტყეს, ქართველებმა 6-ჯერ. ასე, რომ შეხვედრის ეს მონაკვეთი, ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.


„მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს რომ ეთამაშები, ცოტა ფსიქოლოგიური მომენტია, რაც პირველ ტაიმში თამაშზე აისახა. გასახდელში შესვენების დროს ვილაპარაკეთ და ყველანაირი ზედმეტი ემოციის გარეშე გავაგრძელეთ თამაში. გამოუვიდათ ბიჭებს და თამაშის შემდეგ, მადლობა გადავუხადე, რადგან ასეთ დონეზე ეთამაშო მსოფლიო ჩემპიონს, როგორც ჩვენ მეორე ტაიმში, არ არის ადვილი. ამ წაგებამ, შემდეგი თამაშებისთვის დიდი იმედი მოგვცა. ჩვენ შეგვიძლია. შემთხვევით, ასე ვერ ითამაშებ. წავაგეთ, თუმცა დღევანდელმა თამაშმა თავდაჯერება მოგვცა და რწმენა, რომ ყველაფერი წინ გვაქვს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთვის მიცემულ კომენტარში მატჩის დასრულების შემდეგ.


მეორე ტაიმში ქართველთა გუნდი სხვა შემართებით გამოვიდა. საქართველოს ნაკრებს, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მღელვარება ნაკლებად ემჩნეოდა და უფრო აქტიურიც იყო. ახერხებდა კარგი პრესინგის ხარჯზე, ბურთის გაკონტროლებასაც და მეტოქის კარის შეტევასაც. შეხვედრის ამ მონაკვეთში მასპინძლებმა კუპატაძის კარის ჩარჩოში მხოლოდ 6-ჯერ დაარტყეს. ზუსტად ამდენივე დარტყმა შევასრულეთ ჩვენც და სიმართლე უნდა ითქვას, პორტუგალიელები, მხოლოდ მეკარის ოსტატობამ იხსნა. ტაიმის მიწურულს ზვიად კუპატაძემ პენალტიც კი, მოიგერია. თუმცა, მანამდე ღავთაძემ  (23'59'') და ვილიანმა  (26'57'') ორი გოლი გაქვითეს. ეს კი, მასპინძელთა გეგმებში სავსებით არი იყო.


საქართველოს ნაკრებმა ვიზეუში, შეხვედრა 4-2 დათმო (მატჩის სრული სტატისტიკა) თუმცა, ჯგუფში, მეორე საფეხურზეა (სატურნირო ცხრილი). ამას გარდა, ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონთან თანაბარ თამაშში თავდაჯერების მომატებასთან ერთად, ჯგუფში მეორე ადგილიდან, ფლეი-ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

 


პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო