ხვალ გამთენიისას, საქართველოში დაბრუნდებიან მოზარდი მოჭადრაკეები, რომლებმაც დიდი წარმატებით იასპარეზეს რუმინეთის მამაიაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, 8 - 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი გოგონების ჰეგემონია 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა სამ ქართველ გოგონას: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძეს და ანასტასია კირთაძეს შორის მიმდინარეობდა.
დაძაბული ბრძოლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა კესარია მგელაძემ 9-იდან 7,5 ქულით.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილები გაინაწილეს: ცეცხლაძემ და კირთაძემ.
დამატებითი მაჩვენებლების შედეგად ვერცხლის მედალი მარიამ ცეცხლაძემ დაისაკუთრა, ხოლო ანასტასია კირთაძე მეოთხეზე გავიდა.
ასევე წარმატებით ითამაშეს 8 წლამდე გოგონებში ჩვენმა წარგზავნილებმა. ბოლო ტურში ორ ქართველს: მარიამ რეხვიაშვილსა და სარა სალხთხუციშვილს შორის მიმდინარეობდა სამეულისთვის ბრძოლა. რომელიც, მარიამ რეხვიაშვილის გამარჯვებით და ბრინჯაოს მედალი მოპოვებით დასრულდა.
ძალიან კარგად ითამაშა და ბოლო ტურამდე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა ბარბარე აშოთია. ბარბარემ, დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და 9-იდან 7 ქულით II-V ადგილები გაინაწილა, მაგრამ დამატებით მაჩვენებლებში არ გაუმართლა და საბოლოოდ. მეხუთეზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი:
8 წლამდე ბიჭები - ანდრია ჯახაია - 6,5 ქულა; VI ადგილი
12 წლამდე ბიჭები - გაბრიელ გაბადაძე - 6,5 ქულა; V ადგილი
14 წლამდე ბიჭები - ლუკა კილაძე - 6 ქულა; X ადგილი
8 წლამდე გოგონები - სარა სალთხუციშვილი - 6 ქულა; VII ადგილი.
სულ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 8 - 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს სახელით 19 მოჭადრაკე მონაწილეობდა.