ხვალ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე, ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე გაცნობილ სომხეთის ნაკრებს შეხვდება. თუმცა, როგორც დღეს, სპორტის სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, იმ სომხეთის ნაკრებისგან თითქმის სრულად განახლებული და გაძლიერებულია. მეზობელი ქვეყნის გუნდმა, რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ბრაზილიელი და რუსი ფეხბურთელი დაიმატა.
„მხოლოდ ორი დღეა, რაც სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ. პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ სომხეთის ნაკრები, ამის შემდეგ კი, პორტუგალიასთან თამაშზე ვიფიქრებთ. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი პირველია. ეს გამოწვევაა, რომლისთვისაც ბიჭები მზად არიან", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ხვალინდელი მატჩის წინ, საქართველოს 15-კაციანმა ნაკრებმა მხოლოდ რამდენიმე დღეა ერთად დაიწყო ვარჯიში, გუნდში არის 5 ფეხბურთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსთან" ერთად საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა უეფა-ს საკლუბო ევროტურნირზე. ქართულ გუნდში ცვლილებაც, ახალი ნატურალიზებული ვალერიო ბარბოსა დე ლიმა, იგივე ჩიმბა არის.
„მინდა გულშემატკივარს ვთხოვო გავავსოთ დარბაზი და ვაჩვენოთ პატივისცემა ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და ნაჩვენები შედეგებით. არავინ წასულა თბილისში თამაშიდან გაწბილებული ან იმედგაცრუებული. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ", - ამბობს ზვიად კუპატაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხვალინდელი და 21 სექტემბრის (პორტუგალიასთან) მატჩებისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ირაკლი თოდუა (ნიუვ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)
საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაშია და მათი ფასი 5 ლარი ღირს.