როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ილიას ზუროსის განთავისუფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ის, რომ ჯერ კიდევ ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, ქართველთა ბერძენ თავკაცს, ხელშეკრულებით ვადა ეწურებოდა და მას დიდი ალბათობით გაუშვებდნენ, საკალათბურთო წრეებში ჩახედულებისთვის სიახლე არ იყო. შესაბამისად, ბევრს ის უფრო გაუკვირდა, რომ ზუროსი მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე მაინც დატოვეს. ამ თემას, ალბათ, ჩვენი გვერდი უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და შეეცდება, წლების მანძილზე, ჩვენს ყველა დაგროვებულ კითხვაზე უკვე ნაკრების ყოფილი მწვრთნელისგანაც მივიღოთ პასუხი (სამწუხაროდ, ისევე, როგორც ვლადიმირ ვაისთან, ილიას ზუროსთანაც „რიგმა" ასევე ვერ მოგვიწია).
„ბოლო 8 წელი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ფანტასტიკური მოგზაურობა იყო! მინდა ამ საოცარი მოგონებებისთვის მადლობა გადავუხადო ყველას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ამ წლების მანძილზე ტალანტ მოთამაშეებთან ერთად მუშაობა და განვითარება იყო პრივილეგია და ჩემთვის პატივი, რომ წარმოვადგენდი ასეთ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანას. ამ მძიმე შრომამ და თავგანწირვამ შედეგი გამოიღო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესო ქვეყანას შორის მოვხვდით და ყველას ყურადღების არეალში. მომავალში, ყველას საუკეთესოს ვუსურვებ, ვიყურები წინ ახალი გამოწვევების მოლოდინში და წარმატებული ამბების დასაწერად", - ასეთი გამოსამშვიდობებელი ტექსტი გამოაქვეყნა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების, უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პირად სოციალურ ქსელში.
ილიას ზუროსზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა რამდენჯერმე იასპარეზა ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, 2023 წელს კი, ქართული კალათბურთის ისტორიაში, პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა.