„წავაგეთ და ცუდად წავაგეთ. ჩვენი ბრალია, ყველასი, მაგრამ სამაგალითოა რასაც იძახით და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად", - ეტყვის თამაშის მერე გურამ კაშია, ოსლოში მყოფ ქართველ გულშემატკივარს და იმედია, ისიც და მისი თაოსნობით, გუდის დანარჩენი წევრებიც, „ცუდად წაგებას" რეალურად და არა მხოლოდ, სიტყვას სიტყვისთვის გაიაზრებენ. ნამდვილად არ ვიცი, რას გულისხმობს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ცუდად წაგებაში", თუმცა ვიცი, როდესაც წაგებული თამაშის შემდეგ მიწევს სტატიის დაწერა, პირადად მე, რა არ მომეწონა.
თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ ნორვეგიაში, ვილი სანიოლმა სათამაშო სქემა კიდევ გადაახალისა და ამას გარდა, „ულევოლზე", თბილისში, ესპანეთთან წაგებული 1-7-ის შემდეგ, პირდაპირ „ლომის ხახაში" ორი დებიუტანტი სანდრო კალანდაძე და გიორგი ქოჩორაშვილი შეაგდო. სასტარტოდან დააწყებინა თამაში ზურიკო დავითაშვილსაც. ისედაც ფსიქოლოგიური წნეხში მყოფ საქართველოს ნაკრებს, მასპინძლებმა, დამატებითი „გამოცდაც" მოუწყეს და იმ კაცს, ვისაც რეალურად სანიოლის გუნდი ყველაზე მეტად უფრთხოდა, ერლინგ ჰაალანდს, მატჩის დაწყების წინ, საგანგებო ჯილდოც გადასცეს. ესეც ერთგვარი ტრიუკია, რომელსაც, ჭკვიანი მასპინძელი, მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოც იყენებს ხოლმე.
მიუხედავად ამისა, ამ ხერხმა არ გაჭრა. საქართველოს ნაკრებმაც თითქოს, მოახერხა 8 სექტემბრის შოკიდან გამოსვლა. რა დასამალია და, საწყისი 20 წუთი, ნორვეგიას, რომელიც 3 ქულისთვის იბრძოდა (იდეაში, ისევე, როგორც ჩვენ) თამაშში აჰყვა. ამ დროს, თითქოს ჰაალანდიც, სადღაც გაქრა, ყოველ შემთხვევაში უბურთოდ იყო, მაგრამ აი, ნუსას ვერაფერი მოვუხერხეთ - აგვაწიოკა. სხვათა შორის, რადგან „გაქრობა" ვახსენეთ, უკვე მეორე თამაშია, დღევანდელ რამდენიმე ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, „კვარა" „დაგვეკარგა"... კიდევ, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე სეზონში, გუნდთან ნაკლებად მომიხდა კავშირი და შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი ილუზიაა, მექმნება განცდა, რომ ის ერთიანობა, რაც ნაკრებში, თუნდაც 2 წლის წინ იყო, სადღაც დაიკარგა - თითქოს, ფეხბურთელები, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და კრილოვის იგავის არ იყოს, ყველა თავისკენ „ექაჩება", ამ შემთხვევაში ბურთს. ჰო, შესაძლოა ეს, მართლა ჩემეული ინტერპრეტაციაა, მაგრამ ერთიანობა, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაშია, მაკლია გუნდში.
ბუნებრივია, რასაც ვწერთ, მეც და ალბათ, ბევრი სხვა ჩემი კოლეგაც, იმიტომ არ ვაკეთებთ ამას, რომ ეროვნული ნაკრების, მისი თითოეული წევრის, ან საწვრთნელო შტაბიდან ვინმეს დაკნინება გვინდა. ზოგი რა საკითხზე ვამახვილებთ ყურადღებას, მეორენი სხვაზე, მესამე კიდევ სულ სხვა რამეს ხედავს დასრულებული თამაშებიდან და ყველა ამ ნათქვამიდან წყენა არა, დასკვნები უნდა გამოიტანოთ.
ფაქტია, რომ ისევე, როგოც ესპანეთთან თამაშის დროს, მეორე გოლის შემდეგ ავიჭერით. შესაძლოა, სწრაფად, ანგარიში რომ გაგვექვითა და ამის შანსი იყო, საქმე სხვაგვარად წასულიყო. თუმცა, რეალურად, ჩვენ დღეს, ვითამაშეთ პირველი 20-22 წუთი და ბოლო 3 წუთი, პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო.
ფაქტია, რომ აი ის, „დაკარგული" ჰაალანდი, საწყისი პერიოდი, როცა ვითამაშეთ, იმდენად არ ჩანდა მინდორზე, რომ 25-ე წუთზე, უბრალოდ, უყურადღებოდა დაგვრჩა და თავით მშვიდად გაგვიტანა გოლი. 33-ე წუთზე, ნუსას ისევ გამოსდის მორიგი სახიფათო გადაცემა და ამჯერად, ოდეგორს გააქვს გოლი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, 8 სექტემბრის მატჩი გამახსენდა და დამბურძგლა. თუმცა, ამჯერად ესპანეთი არა, ჩვენი მეტოქე ნორვეგია იყო, რომელსაც ალბათ, სხვანაირი თამაშის შემთხვევაში, 90'+1 -მდეც გავუტანდით გოლს. უბრალოდ, ამას საკუთარ საჯარიმოში და ცენტრში თამაშით ვერ გააკეთებდი და გადასვლით კიდევ, მეტოქის ნახევარზე, თითქმის არ გადავსულვართ. აი, გიორგი მამარდაშვილმა კი, ერთი 100% იანი „საკონტროლი" გასროლისგან, მეორე ტაიმში გადაგვარჩინა და თამაშის გადარჩენის შანსი დაგვიტოვა. თუმცა, ამ შანსს „მიწოლა" უნდოდა და ჩვენ „ვიკინგებთან" ძალა არ გვგქონდა.
ვერ გეტყვით, არასდროს ჩავრეულვარ და განმიხილავს მწვრთნელის გადაწყვეტილებები, თუმცა, ჩემი აზრით, ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც დღეს ოსლოში პირი მოგვწმინდა, „გასახურებლად" დრო არ ეყო. ეს ბიჭი, მოედანზე უბრალოდ საჭიროა. ასევე, პირადად ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ალბათ, ნელ-ნელა საბა საზონოვსაც, რომ ვენდოთ და მივცეთ დრო და უფრო მეტად დავტვირთოთ, იქნებ, „კაშომაც" ამოისუნთქოს... რაც შეეხება ვინ იყო საუკეთესო (თუკი ამ ორ თამაშში ვინმე შესაძლოა შეაქო) ქართველთა გუნდიდან, პირადად ჩემი მოსაზრებებით, ისევე, როგორც ესპანელებთან მატჩში ეს ოთარ კიტეიშვილი იყო.
ბუნებრივია, 1-7-ის შემდეგ, ოსლოში განცდილი მარცხი, 2-1 (მატჩის სტატისტიკა) ბაირამობაა, თუმცა, საგანგაშო. ჯგუფიდან, გასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია, ახლა, ის მაფიქრებს, დარჩენილ 3 თამაშში, პრესტიჟის რამდენ ქულას ავიღებთ და კიდევ, რა იქნება ერთა ლიგის უმნიშვნელოვანესს თამაშებზე...
მოკლედ, ასეა თუ ისე, მოურიდებლად და გასააზრებლად, უნდა ითქვას, რომ სექტემბერი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩააგდო და პასუხისმგებლობა მთლიანად გუნდს აქვს ასაღები.
უეფა-ს გადაწყვეტილებით 21-სექტემბრამდე, ფეხბურთის ევროპული სახლის ეგიდით გამართული ყველა შეხვედრა მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება (თქვენი არ ვიცი და მე, სწორედ მაროკოსთან, ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ, შემოვკარი განგაშის ზარი)... საინტერესოა, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის სექტემბრის ფანჯრის „ჩამონგრევის" შემდეგ, როდის მოვახერხებთ გონზე მოსვლას და იმ მოცემულობაში დაბრუნებას, სადამდე მოსვლასაც თითქმის სამი ათეული წელი მოვანდომეთ.