რამაზ სვანაძის გუნდმა მოლდოვაშიც მოიგო
რამაზ სვანაძის გუნდმა მოლდოვაშიც მოიგო
12.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, კიშინიოვში, „ზიმბრუს" სტადიონზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მოლდოველი თანატოლები დაამარცხა და ევრო 2025-ის  C ჯგუფში 6 ქულით ნიდერლანდებთან ერთად ლიდერია. ჯგუფის მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სახლში, სწორედ ნიდერლანდებთან გამართავს.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილება გააკეთა. ალბათ, ამ ცვლილებებიდან ყველაზე მეტად, თვალში მეკარის ცვლილება, შემდეგ კი, გაბრიელ სიგუას მოედანზე არ ყოფნა მოგხვდებოდათ თვალში. მიშიკო მაქაცარიას ნაცვლად, 21-წლამდების ღირსებას, ლუკა ხარატიშვილი იცავდა - სამწვრთნელო შტაბმა ეს მოთამაშეებისთვის სათამაშო დროის დათმობით ახსნა. რაც შეეხება სიგუას, გიბრალტართან მატჩში მიღებილი მისი ტრავმა ცოტა უფრო სეროზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთის შეხედვით ჩანდა. სიგუა ლევან ოსიყმაშვილმა შეცვალა. ერთი ცვლილება სვანაძემ დაცვის ხაზში გააკეთა და ზურაბ რუხაძის ადგილზე, ამჯერად, საბა მამაცაშვილი დააყენა. მეოთხე ფეხბურთელი, რომელიც სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში ჩაანაცვლა ლაშა ოდიშარიაა. დღეს, მის ნაცვლად თამაში, თორნიკე მორჩილაძემ დაიწყო.


პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერად ქართველმა ახალგაზრდებმა, ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს. პირველი, სადაც სრულად გააკონტროლეს ბურთი, თამაში და მეორე, სადაც, მეტოქემ რიგ მომენტებში მოახერხა ჩვენს ნახევარზე თამაშიც და ერთხელ კარშიც დაარტყა. მსგავსად, წინა შეხვედრისგან ორივე ტაიმში, რამაზ სვანაძის შეგირდებს ჰქონდათ ძალიან ბევრი გამოუყენებელი მომენტი, ბუნებრივია, კარში დარტყმებთან შეფარდებით. განსხვავებით, პირველი შეხვედრისგან, მიკრო ხარვეზები მინიმუმამდე იყო დაყვანილი და ჩვენებმა გოლის გატანა, მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს, 84-ე წუთზე მოახერხეს. მოდლოველთა კარში, გოლი „დინამო თბილისის" ფეხბურთელმა ჯადული იობაშვილმა გაიტანა. მოლდოვას კარში გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ ერთ დინამოელს, ლაშა ოდიშარიას, თუმცა, სილვიუს სმალენეამ, ისევე აუღო მას, როგორც ორჯერ ვასილიოს გორდეზიანს.


საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე, საჭირო 3 ქულა აიღო და ახლა, ოქტომბრის მატჩისთვის მოემზადება.


მატჩის მიმდინარეობა და სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.