ფეხბურთში ვერა, მაგრამ კალათბურთში გერმანიის ნაკრები მოწოდების სიმაღლეზეა. დღეს, კალათბურთელებმა ისტორიული, მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, ერთადერთმა გუნდმა, რომელმაც ოქროს მედლებამდე გზა წაუგებლად განვლო, ფინალში სერბეთის ნაკრები დაამარცხა. ამ შეხვედრას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით. მანამდე კი, ისევ გერმანელების გზაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სადაც მეორე შესარჩევ ჯგუფში საქართველოსაც გადაეყარა და 73-100 გაიმარჯვა.
მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებმა ფინალში გასვლა მოახერხა, მათ ვისაც, ქართველთა ნაკრებში, ჯერ კიდევ ევრობასკეტიდან მოყოლებული არ უნდა დაინახოს ხარვეზები და არც კრიტიკა მოისმინოს, ხმალი ალესა - აბა, გერმანიასთან როგორ ვერ მოვიგეთ, ზოგიერთები ამბობენო, ან ფინალის მერე - კლავიატურის დრაკონები აბა სად ხართ, გამოდითო...
საბედნიეროდ, საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც ალბათ, არც პირადი დაინტერესება აქვთ (მაგალითად გუნდში, ან კონკრეტულ ფედერაციაში თამაშობს ან დასაქმებულია მათი ოჯახის წევრი) უფრო მეტია და მიუხედავად, ისტორიაში პირველად, ქართული გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისა და ასევე პირველად მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრისა (მართლა მაგარი შეგრძნებაა), უნდა ვაღიაროთ, რომ ჯგუფში გაგვიმართლა (კაბო ვერდესა და ვენესუელას ვგულისხმობ) და თუ ორ მოგებულ თამაშს არ ჩავთვლით (ეს თამაშებიც უამრავი იყო ხარვეზით), მეტი არც არაფერი გამოგვივიდა (იხილეთ სტატია). მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება თამაში ვერ მოიგო, მაგრამ უნდა მაჩვენო, რომ გულით ითამაშე და მერე არ დაიწყო ტრაბახი მაგარი ვარო. წააგო საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთთან, წააგო სამარცხვინოდ, მაგრამ თამაშის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ პასუხისმგებლობა აიღო თავზე და შეცდომები აღიარა. რა მოხდა ამ დროს კალათბურთში... მოკლედ, ეს თემა დავასრულოთ და საკალათბურთო წრეებს დასაფიქრებლად დრო მოვცეთ, რომელიც არც თუ ბევრია... რა გვინდა, გვაქონ-გვადიდონ და ნარცისებად ვიგრძნოთ თავი, თუ ზომიერი კრიტიკა მივიღოთ, გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნების გამოტანით, ისევ ჩვენ ვიხეიროთ? არ ვიცი, იფიქრეთ...
მანილაში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მღელვარება ორივე გუნდს საწყისი წუთებიდან ემჩნეოდა. ჯერ სერბეთს მიჰყავდა, შემდეგ გერმანია დაწინაურდა. ანგარიში რამდენჯერმე გათანაბრდა და ლიდერიც შეიცვალა. თუმცა, აქ გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც შეცდომებით განსაკუთრებით გადატვირთული იყო. რეალურად, ამ მეოთხედის ფინალური მონაკვეთი ალეკსა ავრამოვიჩი მარტო ეთამაშებოდა გერმანიის ნაკრებს. სერბმა, საბოლოოდ 21 ქულა დააგროვა. ორივე გუნდში, საუკეთესო შედეგი კი, 28 ქულით დენის შრიოდერი იყო. სწორედ მან მოუტანა ბოლო 4 ქულა, ერთი ორქულიანი და ორი ზუსტი საჯარიმო სროლა გერმანიის ნაკრებს. აი, მატჩის MVP სულ სხვა გერმანელი ფრანს ვაგნერი დაასახელეს. გერმანიამ 83-77 (23-26, 24-21, 22-10, 14-20) მოიგო და როგორც უკვე გითხარით, პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
ტრადიციულად ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დასახელდა სიმბოლური ხუთეული და ჩემპიონატის MVP, რომელიც დენის შრიოდერი დაასახელეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში კანადა, აშშ-ს დაუპირისპირდა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ოვერტაიმში, 118-127 გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
ფოტო: © FIBA
სტატია რედაქტირებულია 23:30 საათზე