„სამეგრელო“ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა
„სამეგრელო“ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა
09.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩხოროწყუს „სამეგრელომ" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დღეს დაასრულა. გივი კვარაცხელიას გუნდმა, მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის მესამე ჯგუფის ფლეი-ოფის შეხვედრა, პენალტების სერიაში მოიგო და ჯგუფის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, დღეს ფინალი, კვიპროსის „აპოლონის" წინააღმდეგ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდიდან, პირველ შეხვედრაში ორმა ფეხბურთელმა ორ-ორი ყვითელი (შესაბამისად წითელი) ბარათი მიიღო და დღეს, „სამეგრელოს" სამატჩო განაცხადიც არასრული იყო.


ჩხოროწყუელებმა, პირველი გოლი შეხვედრის მე-9 წუთზე გაუშვეს. კიდევ ორი გოლი, „სამეგრელოს" კარში 72-ე და 82-ე წუთებზე გავიდა. „აპოლონი" უკვე 3-0 იგებდა, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა ანა კირვალიძემ, შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვება, თანაგუნდელებზე ადრე მოუხდა.


შეგახსენებთ, რომ გათამაშების მოდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე, მიმდინარე 11 ჯგუფის გამარჯვებული გადიოდა. ქართულმა გუნდმა, სამწუხაროდ, ჯგუფში მხოლოდ, მეორე ადგილი დაიკავა.



ფოტო: ქსკ „სამეგრელო"