შხაპუნა წვიმა ერთადერთი იყო, რაც ამ კოშმარში გაფხიზლებდა
შხაპუნა წვიმა ერთადერთი იყო, რაც ამ კოშმარში გაფხიზლებდა
08.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო არენაზე", დღეს, ესპანეთის ნაკრებმა, ქართველთა გუნდი წვიმის წვეთებთან ერთად მიწაზე დაუშვა და ბევრ კითხვაზე, საფიქრალი გაუჩინა. კითხვებზე, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის მსვლელობისას რიგითი გულშემატკივრიდან დაწყებული, ფეხბურთის სპეციალისტებით დასრულებული ალბათ, ყველას გაუჩნდა და ბუნებრივია, მათ შორის ვართ ჩვენც, მედიის წარმომადგენლები.

ალბათ, პირველი შეკითხვა - ქართული გუნდის სასტარტო შემადგენლობაა...


მეორე შეკითხვა, რატომ შეცვალა ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა გუნდის ტაქტიკური სქემა.


მესამე შეკითხვა, კონკრეტულად კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - მაშინ, როდესაც ესპანელებმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არ დამალეს „კვარას" მიმართ არსებული გეგმა, რატომ არ ავამუშავეთ საპირისპირო მონახაზი, თუკი, ასეთი გვგქონდა საერთოდ.


მომდევნო, მეოთხე კითხვა - როდესაც უკვე პირველი წუთებიდან ნათელი გახდა, რომ დღეს ჩვენი დღე არ იყო, რატომ არ შეცვალა ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ტაქტიკა.  ალბათ, მესამე და მეოთხე კითხვა უბრალოდ ერთმანეთშია გადახლართული და ერთი, მეორეს გაგრძელებაა.




მერე რა იყო, იმას გამოვტოვებთ - და ერთადერთი ამ კონკრეტულ მომენტში რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რამდენად მოახერხებს ქართველთა სამწვრთნელო შტაბი დემორალიზებული გუნდის ფეხზე წამოყენებას, წელში გამართვაზე არ გვაქვს ლაპარაკი, ოსლოში, ნორვეგიასთან პრინციპულად მნიშვნელოვანი მატჩის წინ.


დღეს, არაფერს დავწერ კონკრეტულად ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე, არც კარგს და არც ცუდს, რადგან კარგი, შეცვლაზე შემოსული გიორგი ჩაკვეტაძის გოლს თუ არ ჩავთვლით არც არაფერი იყო. ესპანეთის ნაკრებმა, მასპინძელთა კარის მიმართულებით, 33-ჯერ დაარტყა, 13-ჯერ კარის ჩარჩოში., საქართველომ სულ 5-ჯერ შეუტია კარს და აქედან, მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა ჩარჩოში.  ესპანეთის ნაკრებმა, სრულებით მოახერხა „კვარას" ჩაკეტვა და წინა დღით, პრესკონფერენციაზე გაჟღერებული შეასრულა - გუნდი, გვეთამაშა გუნდს.



უკვე, პირველ წუთებზე, VAR-მა საეჭვო მომენტი გადაამოწმა, პენალტს გადავრჩით. 22-ე წუთზე, მორატამ მაინც გახსნა ანგარიში. 6 წუთში, კვერკველიას ბურთი მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ესპანეთი წინ, უკვე 2 ბურთით გავიდა. ჩვენი აზრით, ვილი სანიოლის გუნდი, სწორედ აქ გატყდა. მალევე, ესპანელებმა კიდევ ერთხელ გაგვიტანეს და ამჯერადაც, VAR-მა გვიშველა. ახლა, გოლი არ ჩათვალა. 38-ე წუთზე დანო ოლმომ გაიტანა მესამე გოლი, მე-40 წუთზე კი, მორატამ დუბლი გაიფორმა. მოკლედ, „დინამო არენაზე" გოლები წვიმის ინტენსიობის პარალელურად მატულობდა. ერთი, მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენც გავიტანეთ, ეს, 49-ე წუთზე „ჩაკვემ" გააკეთა. საქართველოს ნაკრები, თითქოს ოდნავ გამოცოცხლდა, თუმცა, ხეირიანი ვერც ვერაფერი. სამაგიეროდ, მორატამ 66-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. კიდევ სამ წუთში ვილიამსმა მეექვსედ აიღო მამარდაშვილის კარი. ბოლო, მეშვიდე გოლი კი, საქართველოს ნაკრების კარში ლამინე იამალიმ 74-ე წუთზე გაიტანა.  ის გახდა ყველაზე ახლაგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და თანაც, გოლის გატანაც მოახერხა.




რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, დიდი ანგარიშით, დამოუკიდებლობის ისტორიაში, მესამედ წააგო, თუმცა, რეკორდი, ამ თვალსაზრისითაც მოხსნა. ესპანეთმა 1-7 გაიმარჯვა და სახლში ამაღლებული განწყობით ბრუნდება. მიუხედავად ასეთი ანგარიშით გამარჯვებისა, ლუის დე ლა ფუენტემ, მაქსიმალურად მოახერხა საქართველოს ნაკრების მიმართულებით კორექტული კომენტარი გაეკეთებინა.


„დღევანდელი შედეგის მიუხედავად აზრი არ შემიცვლია. საქართველოს ნაკრებს, ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოუწია, როგორიც ჩვენია. ჩვენ მოვახერხეთ და მთელ რიგ  მომენტებში არ მოვდუნდით. მიუხედავად შედეგისა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეულია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან კარგად ითამაშებს. როგორც ვთქვი, ამ ჯგუფში ერთ-ერთი ძლიერია და არ დავუკარგოთ ღირებულებები. უნდა გჯეროდეთ, რომ ეს გუნდი, მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ზოგჯერ არ არის ის შედეგი რაც გვინდა, მაგრამ ჩვენნაირ გუნდთან თამაშიც ადვილი არ არის. საქართველოს ნაკრები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთესი შედეგები ექნება", - ამბობს ესპანელთა თავკაცი მატჩის დასრულების შემდეგ.




პირველად, მედიისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმზე უარი თქვა ვილი სანიოლმა. ქართველთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მხოლოდ ვრცელი კომენტარით შემოიფარგლა სადაც, აღნიშნა რომ ქართული მხარიდან დღეს საუკეთესო გულშემატკივარი იყო, რომელიც  საფეხბურთო თუ კლიმატური უამინდობის მიუხედავად ბოლომდე იყო სტადიონზე და გუნდს ქომაგობდა. „ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ამ დონეზე თამაშის ჩაგდება მიუღებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ მომენტში ლაპარაკს აზრი არ აქვს. ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს - სულ მალე ნორვეგიაში ურთულესი თამაში გველის", - აღნიშნა ვილი სანიოლიმ.


ნორვეგიაში კი, საქართველოს ნაკრები და ქომაგების ნაწილი, 10 ივნისს, შუადღით გაემგზავრება, სადაც 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.