უნდა მოეგო მინიმუმ 5-0, თუმცა, რამაზ სვანაძის 21-წლამდები ევროპის 2025 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩში, გიბრალტარის წინააღმდეგ, მხოლოდ 2-0-ს დასჯერდნენ. დიდი ანგარიშით მოგების შეგრძნება, იმ გარემოებამაც გააძლიერა, რომ ანგარიში, მე-10 წუთზე ოთარ მამაგეიშვილის გოლით გაიხსნა. ამასთან, ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
„გამოუყენებელი მომენტები ძალიან ცუდია. სამწუხაროა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ კომპონენტზე გავქვს ძალიან ბევრი სამუშაო. უბრალოდ, აქ მაინც შეიძლება აღვნიშნოთ ის, რომ დღეს, პირველი თამაში იყო, იყო მღელვარებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭებს ბევრს, გამოვლილი აქვთ ასაკობრივი ნაკრებები, 21-წლამდე ნაკრები, მაინც განსხვავებული დონეა, განსხვავებული თამაშებია მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა. პლუს ამას ემატებოდა ის ემოციური ფონი რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვგქონდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, ამიტომ ვთვლი, რომ ამანაც იმოქმედა. თუმცა, ვთვლი, რომ საერთო ჯამში, ბევრი გვაქვს სამუშაო მომენტების რეალიზებისთვის.
ძალიან რთულია, როდესაც მხოლოდ 2 ვარჯიში გაქვს ჩატარებული გუნდთან, ფეხბურთელებმა, რომლებმაც პირველი შეკრება ჩაატარეს ერთად, გუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც უბრალოდ ერთმანეთს არ იცნობდნენ, იყო ბევრი ახალი სახე. ამიტომ, ლოგიკურია ეს ყველაფერი. ერთად-ერთი რაც დაგვაკლდა, რომ ეს თამაში დიდი ანგარიშით დაგვემთავრებინა, ეს იყო მომენტების რეალიზება", - ამბობს რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
რამაზ სვანაძის გუნდმა თავდაჯერებულმა დაიწყო თამაში და საწყისი წუთებიდანვე თან ბურთის დაჭერას და თანაც შეტევას შეეცადა. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, თითქმის სრულიად განახლებულ ნაკრებს, გიბრალტარის წინააღმდეგ ამის გაკეთება არ გასჭირვებიათ, თუმცა, ისიც ჩანდა, რომ გუნდს შეთამაშება აკლდა (იყო უაზრო დაკარგვები, მაგალითად ქუსლით ბურთის დატოვება და ამ დროს პარტნიორი ბურთის მისაღებად უკვე სხვა ადგილას იყო) და იყო ბევრი გამოუყენებელი საგოლე მომენტი. მეორე ტაიმში უფრო მეტი.
თუმცა, კარგია რომ ჯგუფში, სადაც გიბრალტარმა მესამე შეხვედრა ჩაატარა (მესამე წააგო) და ამ ორი ნაკრების გარდა, შვედეთის, მოლდოვას, ნიდერლანდებისა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები არიან გამარჯვებით დავიწყეთ. პირველი გოლი მამაგეიშვილმა სტანდარტულის შემდეგ გაიტანა. მეორე გოლი კი, ნაკრების ახალწვეული ვასილიოს გორდეზიანის ანგარიშზეა. საბერძნეთის „პაოკის" შემტევი ამ შეხვედრაში, ჩვენი გადმოსახედიდან, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მე-17 წუთზე, თავისი ერთ-ერთი შანსი ხელიდან არ გაუშვა, გიბრალტარელთა კარი თავურით აიღო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გამოირჩეოდა გაბრიელ სიგუაც. „დინამო თბილისისა" და შვეიცარული „ბაზელის" ფეხბურთელი, ყოფილ თანაგუნდელებთან (საერთო ჯამში სვანაძის გუნდში, „დინამო თბილისის აკადემიის 12 აღზრდილი თამაშობდა), გიორგი მაისურაძესთან და ლაშა ოდიშარიასთან ერთად, მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა, თუმცა, სვანაძეს მეორე ტაიმში მისი შეცვლა მოუხდა.
„სიგუას შეცვლა იყო ტრავმით გამოწვეული. წესით, არ ჩანს ტრავმის სირთულე ძლიერი. თუმცა, მაინც დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და იმედი მაქვს, რომ მოლდოვასთან თამაშში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს სვანაძე.
მატჩის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარის მიმართულებით, საერთო ჯამში 11-ჯერ დაარტყა, აქედან კარის ჩარჩოში 4-ჯერ. მეტოქემ მხოლოდ ერთხელ და ისიც ნაკრების მეკარე მიშიკო მაქაცარია ბურთს ადგილზე დახვდა. საქართველოს ახალგაზრდულმა 8 კუთხური ჩააწოდა, მეტოქემ მხოლოდ 3.
„ამ გუნდს გააჩნია პოტენციალი, რომ თამაშს მოვუმატოთ. მცდელობებიც აქეთკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად, ჩვენ თამაშსაც მოვუმატებთ და უკვე ის დავალებები, რასაც ბიჭები იღებენ, იმ დონეზე შესრულდება, რომ კმაყოფილი დავრჩებით ამ თამაშით", - ამბობს სვანაძე.
ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე" თამაშს 4513 გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი, დაახლოებით ამდენივე შეფარდებითი ავანსი გასცა. მათ შორის, ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსა სათამაშო დროის ნაკლებობის პრობლემა ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი გიორგი აბუაშვილი იყო.
„აბუაშვილს რაც შეეხება, „აბუს", დიდ დრო გაუცდა, მაგრამ ვთვლით, რომ ამ თაობაში ის, ერთ-ერთ პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელზეც ღირს აქცენტის გაკეთება, კარგია რომ მან იპოვა გუნდი და შესაბამისად, ექნება სათამაშო პრაქტიკა და დანარჩენი, მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული. ეს არის ავანსი რომელიც ჩვენ გავეცით ნიჭიერ ფეხბურთელზე. კიდევ გვყავს რამდენი ისეთი რომლებზეც ასევე გავეცით ავანსი და უკვე დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. მათ ეს იციან, გვგქონდა საუბარი და ესმით რა არის საჭირო, რომ მუდმივი წევრები გახდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში სვანაძე, რომლის გუნდსაც დღევანდელი მატჩისგან, უფრო სერიოზული გამოცდა, 12 სექტემბერს, კიშინიოვში ელის, მოლდოვას წინააღმდეგ, რომელსაც C ჯგუფში, ასევე ერთი თამაში აქვს ჩატარებული. მასაც გიბრალტართან და სატურნირო ცხრილში ისიც, 3 ქულით არის შვედეთთან და საქართველოსთან ერთად.
12 სექტემბერს, კიშინიოვში, მოლდოვასა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.